logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც მხოლოდ სხვისი ინტერესებით უნდა მოქმედებდეს და საკუთარი გვერდზე გადადოს
- +

13 ნოემბერი. 2023. 21:23

გარკვეულმა ძალებმა საქართველოსა და ჩინეთის პოზიტიური ურთიერთობა ვერ აიტანეს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ამას უკავშირდება სალომე ზურაბიშვილის უარყოფითი განცხადებაც ჩინეთთან დაკავშირებით.

 

 

პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი არ ხდება, არც სალომე ზურაბიშვილის განცხადებებია შემთხვევითი, მათ შორის, ჩინეთთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ის ამას დამოუკიდებლად არ ახმოვანებს.

 

 

გარკვეული ძალები საქართველოსა და ჩინეთის პოზიტიურ ურთიერთობას ეჭვით უყურებენ. გახსოვთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სულ ცოტა ხნის წინ ეწვია ჩინეთს და სი ძინპინი მას გამორჩეული მასპინძლობით შეხვდა. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი რეგიონული უსაფრთხოების ჭრილში, ასეთ რთულ ვითარებაში, რაც, ზოგადად, მსოფლიოსა და რეგიონშია. მით უმეტეს, რომ საქართველო საკმაოდ ახლოს არის იმ რისკებთან, რაც რეალურად არსებობს.

 

 

რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილის უარყოფითი განცხადება ჩინეთთან დაკავშირებით არ იყო შემთხვევითი და იყო დარტყმა იმ ჩამოყალიბებულ ურთიერთობაზე, რაც ახალია, მაგრამ იმდენად შესამჩნევი და საჭიროა საქართველოსთვის, რომ ეს გარკვეულმა ძალებმა ვერ აიტანეს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

დეპუტატის თქმით, ყველა ნორმალური ქვეყანა გზამკვლევად ირჩევს საკუთარ ინტერესებსა და უსაფრთხოებას და საქართველოს ხელისუფლებაც ასე იქცევა.

 

 

„კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციის მოცემა საქართველოსთვის ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილებაა, მაგრამ არ უნდა გვქონდეს იმის განცდა, რომ აქამდე გავლილი პერიოდი თავისი სირთულეებით, დაგებული ხაფანგებით, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზეწოლებით, დასრულდა და აღარ იქნება. რა თქმა უნდა, ასეთი დარტყმები გაგრძელდება, ამიტომ, სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ, მით უმეტეს, რომ ამ პროცესში გამოცდილება უკვე მივიღეთ. ამაში „ხალხის ძალის“ როლი კვლავ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. აქამდეც მივაწოდეთ საზოგადოებას მეტი სიმართლე და ამიტომ, ამ ურთულეს ვითარებაში, საზოგადოებამ სწორად პოზიციონირება შეძლო. ამიტომაც, გადაწყვეტილების მიმღებთ სხვა გზა არ დარჩათ და კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაცია გასცეს. თუმცა, ამასთან დაკავშირებით ზეიმი არ იყო დასრულებული, როცა კალიურანდმა, თავის კოლეგებთან ერთად, შეგვახსენა, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს იმ სანქციებს, რომლებზეც, არაერთხელ დავასაბუთეთ, რომ ეს მხოლოდ საქართველოსთვის იქნება საზიანო და რუსეთს ის ვერაფერსაც ვერ დააკლებს. იმასაც ხედავთ, რომ თვითონ ევროპაში დაიწყეს სანქციების გადახედვა, რადგან ამან სასურველი შედეგი არ გამოიღო და უფრო მეტიც, ისინი პირდაპირ ვაჭრობაზეც არ ამბობენ უარს.

 

 

მოკლედ, საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც მხოლოდ სხვისი ინტერესებით უნდა მოქმედებდეს და საკუთარი გვერდზე გადადოს და დაივიწყოს. რა თქმა უნდა, ყველა ნორმალური ქვეყანა გზამკვლევად ირჩევს საკუთარი ქვეყნის ინტერესებსა და უსაფრთხოებას, ჩვენც ასე ვიქცევით. თუმცა, როგორც ჩანს, ამ დიდ ასპარეზზე პატარა ქვეყნების ინტერესები ზოგიერთი დიდი ქვეყნების ინტერესებთან თანხვედრაში ვერ მოდის, რადგან მათ აქვთ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი, რომ ურთულესი ვითარებები, ღია საომარი დაპირისპირებები სასურველი შედეგით დასრულდეს. ამ შედეგის მისაღებად კი, მათი გადმოსახედიდან, ზოგიერთი პატარა ქვეყნის ინტერესი შესაწირად ღირს. მაგრამ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი გადმოსახედიდან ვუყურებთ, ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებას სასწორზე ვერ დავდებთ და ქვეყანას ისეთ თამაშში ვერ შევიყვანთ, რომელიც ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად წამგებიანია და მხოლოდ სხვის ინტერესებზე გადის“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner