"მილიონობით კვადრატული მეტრი ტერმინი შემოიტანეს, რომ თავისი დანაშაული სხვას დააბრალონ. ისინი არიან ოკუპაციის თანაავტორები და ამ პასუხისმგებლობის თანაზიარები და ამის გადმოტანა უნდათ სხვისკენ" - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა ოპოზიციის ბრალდებაზე, 60 მლნ კვ.მ მიწის რუსებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ეს არის მცდელობა, „ნაცმოძრაობის“ და რუსეთის - ოკუპანტი ქვეყნის თანამონაწილეობა და თანაავტორობა ოკუპაციაში სხვა მიმართულებით წაიყვანონ და თქვან, თითქოს ოკუპაცია დღემდე იმგვარად გრძელდება, რომ ახალ მიწებს იტაცებენ.
„მაგალითად, შეეძლოთ ტრილიონობით კვადრატულ სანტიმეტრზე ელაპარაკათ. ამ აბსურდულ ლოგიკაში რომ შეჰყვე „ნაცმოძრაობას“ და მისი პოზიციების გამხმოვანებლებს, შეგვიძლია ვუთხრათ, რომ მათ დაკარგეს საქართველოს ტერიტორიების არაერთი მილიარდი კვადრატული მეტრი. ეს ხომ არარეალური მსჯელობაა. ისედაც რომ ვიანგარიშოთ, 60 მილიონი კვადრატული მეტრი არის 60 კვადრატული კილომეტრი. 60 კვადრატული კილომეტრი არის მაგალითად 6 მეტრიან საოკუპაციო ზოლზე რომ შემოვიდნენ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე სიღრმეში 10 კილომეტრით, ან პირიქით, 10 კილომეტრიან ზოლზე 6 კილომეტრით, ან მთელ პერიმეტრზე 150-200 მეტრი გამოვა დაახლოებით ხომ?, მაგრამ ამ თემაში შეყოლა და მსჯელობაც დამაზიანებელია და ესეც უნდათ ალბათ. რატომ არის დამაზიანებელი - საითაც არ უნდა წავიდნენ, იმ შემოხაზული ტერიტორიების იქით თუ აქეთ, საოკუპაციო ზოლს იქით, როდესაც ამ თემაში მიყვები, რაღაცნაირად ირიბად აღიარებ [საზღვრებს], როგორც ეს გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. გარკვეული აღიარება, დაკანონება და უკაცრავად, „გაპრავება“ იყო ტერიტორიების 2007 წელს, ომამდე 1 წლით ადრე, როდესაც მან აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, სიტყვა ყოფილი დაამატა და დაადგინა საზღვრები. ეს დადგენილება ბევრმა მოქალაქემ კიდევ არ იცის რომ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა ამას მხარი დაუჭირა. აი ამ ლოგიკაში უნდა შევყვეთ. ლოგიკაში უნდა შევყვეთ ზემო აფხაზეთთან დაკავშირებით, კოდორის ხეობას რომ დაარქვა, ახალგორთან დაკავშირებით, მილიარდობით კვადრატულ მეტრთან დაკავშირებით, მათი ლოგიკით რომ ვიმსჯელოთ, როგორ დაუთმო. ბევრ ადამიანს ისიც კი არ ახსოვს, რომ ბევრ ტერიტორიას, ყოფილ საზღვრებში, რაც კომუნისტების დროს იყო დადგენილი, საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა და დაიკარგა ეს ყველაფერი. იმ მავნებლობამ, რაც 2007 წელს ომამდე წინასწარ გამზადებული სახით მიართვეს ოკუპანტ ქვეყანას, განაპირობა ის, რომ დღეს მიყვებიან და მათი ლოგიკაა, ოკუპანტის ლოგიკაა. ამბობენ, რომ მივყვებით ჩვენ იმ საზღვრებს და ჩვენ ახლა უნდა ვედავოთ, სადღაც შიგნით შეიწივნენ თუ გარეთ გამოვიდნენ იმ ტერიტორიიდან, რამდენი მეტრით თუ რამდენი კვადრატული მილიმეტრით“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ეს საქართველოსთვის წამგებიანია და არ შეიძლება ამაზე საუბარი.
„ყველას ვაფრთხილებ, რომ აქ შედიხართ ძალიან ცუდ კამპანიაში, რაც ერთადერთი, ვისაც შეიძლება აწყობდეს, რუსეთი, ოკუპაცია და ოკუპანტია. საოკუპაციო ზოლს იქით თუ აქეთ, ყველა ჩვენი ტერიტორიაა და მხოლოდ ის ყველაზე რბილად ვთქვათ, შეცდომა, რომ 2007 წელს ვიღაცამ მოუხაზა რაღაც საზღვრები და დაარქვა სამხრეთ ოსეთი კვლავ, კომუნისტების პერიოდის შემდეგ, არ შეიძლება იყოს იმის საფუძველი, რომ ახლა რაღაც ზოლთან ახლოსაა თუ შორს, ამაზე ვიმსჯელოთ. მილიონობით კვადრატული მეტრი ტერმინი შემოიტანეს, რომ თავისი დანაშაული სხვას დააბრალონ. ისინი არიან ოკუპაციის თანაავტორები და ამ პასუხისმგებლობის თანაზიარები და ამის გადმოტანა უნდათ სხვისკენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.