უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი ბლოკავს და დაბლოკავს ევროპის მშვიდობის ფონდიდან უკრაინისათვის 500 მილიონი ევროს ტრანშის გამოყოფას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უნგრეთი უკიდურეს ზეწოლას განიცდიდა, რათა თანხმობა მიეცა უკრაინისათვის აღნიშნული ტრანშის გამოყოფაზე.
"რა თქმა უნდა, მე ამას მხარი არ დავუჭირე, რადგან ჩვენ კვლავ იმ პოზიციაზე ვდგავართ, რომ სანამ არ მივიღებთ გარანტიას უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოსგან, რომ [უნგრული ბანკი] OTP ან რომელიმე [სხვა] უნგრული კომპანია არ მოხვდება ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში გამოგონილი ბრალდებების საფუძველზე, ამ საკითხში წინსვლას ვერ შევძლებთ", - აღნიშნა პიტერ სიიარტომ.
უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 500 მილიონი ევრო პირდაპირ არ მიდის უკრაინაში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდების კომპენსაციისთვის, და დასძინა, რომ „არავინ აკავებს უკრაინის მხარდაჭერას“.
მიმდინარე წლის მაისში უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტო გაავრცელა განცხადება, რომ უმსხვილესი უნგრული ბანკი ომის სპონსორთა სიაში შეიყვანა ბანკის ხელმძღვანელობის პოზიციის გამო, რადგან ის აგრძელებს რუსეთთან თანამშრომლობას.