„NATO-ს გაძლიერებული ყოფნა იმის ფონზე, თუ რა საფრთხეების წინაშეც დგას საქართველო, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი ნაბიჯია", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ფრანგ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენთვის ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რა გზავნილითაც საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობის ისტორიაში პირველად, მინისტრი ეწვია საქართველოს. ჩვენ ვდგავართ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე და გვსურს, რომ ამ გამოწვევებს ერთად გავუმკლავდეთ. ბუნებრივია, იმ საფრთხეების შემცირების მიზნით, რა საფრთხეების წინაშეც დგას საქართველო, NATO-ს გაძლიერებული ყოფნა, იქნება ეს წვრთნების ფარგლებში თუ ხომალდებით ზღვაში, არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი ნაბიჯი და ამ გადაწყვეტილებას, რომ საფრანგეთმა NATO-ს ეგიდით მეტი გემი მოავლინოს შავი ზღვის აუზში, ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.
ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებით, ჩვენ ვართ შავი ზღვის აუზის NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან სტრატეგიული დიალოგის პროცესში ჩართული. მინისტრმა თქვა, რომ მას ჰქონდა რუმინელ კოლეგასთან ამაზე საუბარი, ანუ გვაქვს ფართო მიდგომა, რეგიონული და არა მხოლოდ რეგიონული. ამ მიდგომებს და ამ გამოწვევებთან ერთობლივი წარმატებით გამკლავებას ძალიან ვაფასებთ", - განაცხადა ლევან იზორიამ.