“პარიზში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანისა და საფრანგეთის კულტურის მინისტრ რიმა აბდულ მალაქის შეხვედრა გაიმართა”, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი.
თეა წულუკიანმა და რიმა აბდულ მალაქმა განიხილეს როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ასევე, სამუზეუმო და საფესტივალო სფეროებისა და სახელოვნებო განათლების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები და ორი ქვეყნის თანამშრომლობის გეგმები.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სამუზეუმო და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და დაცვისთვის საჭირო განათლებასა და პროფესიულ მომზადებაზე. მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო დაინტერესებულია, ახალგაზრდა კადრების ფორმირება, მომზადება ან გადამზადება მოხდეს საფრანგეთში რესტავრაციის, არქიტექტურის, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიმართულებით. საფრანგეთის კულტურის მინისტრმა მზადყოფნა გამოხატა, მომავალ წელს ამ სფეროში ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.
შეხვედრაზე კულტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის, მასშტაბურმა გამოფენამ წარმატებით იმოგზაურა ევროპაში, დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ხოლო ამჟამად ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებს შვეიცარია, ბეილერის ფონდი მასპინძლობს. ექსპოზიცია 2024 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება.
საუბარი შეეხო ქართული კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალს, „ევროპალია-საქართველოს“, სადაც ევროპელი საზოგადოება ესწრება ეროვნული საგანძურის ორ მასშტაბურ და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენას - „ავანგარდი საქართველოში - 1900-1936“ და „საქართველო - შეხვედრების ადგილი“.
ფრანგულმა მხარემ გამოხატა ინტერესი და მზადყოფნა, რომ ეწვიოს საქართველოს, გაეცნონ მუზეუმებს და საფრანგეთშიც გაიმართოს ერთობლივი გამოფენები.
საუბარი ასევე შეეხო ლევილის მამულში წარმატებით განხორციელებულ სამუშაოებს, გეგმებსა და პერსპექტივებს. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ლევილის ქართულმა მამულმა წელს პირველად უმასპინძლა ქართული ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალს, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართული გუნდები, ანსამბლები და თეატრები. მინისტრმა განაცხადა, რომ ფესტივალი ყოველწლიურად გაიმართება და მისი მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია საფრანგეთში. ასევე, სამინისტრო გამოხატავს მზადყოფნას, ლევილის მამულში უმასპინძლოს ქართველ და ფრანგ ხელოვანებს სტაჟირების პროგრამის ფარგლებში და ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად.
საფრანგეთის კულტურის მინისტრმა საქართველოს კულტურის მინისტრს დაუდასტურა მხარდაჭერა და გამოხატა მზადყოფნა, საქართველოს კვლავ აქტიურად დაუჭიროს მხარი.
შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ განაცხადა, რომ მზად არიან, მჭიდროდ ითანამშრომლონ და მეტი საერთო კულტურული ღონისძიება დაგეგმონ როგორც საქართველოში, ასევე - საფრანგეთში. კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა საფრანგეთის კულტურის მინისტრი რიმა აბდულ მალაქი საქართველოში საპასუხო ვიზიტით მოიწვია.