„8 ნოემბერი იყო ნამდვილად შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის. წყალში ჩაეყარათ მთელი ის გეგმები, რომლებსაც ისინი უკავშირებდნენ კანდიდატის სტატუსის საკითხს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „საკმაოდ რთული 20 თვე გამოვიარეთ, მას შემდეგ რაც საქართველომ შეიტანა ოფიციალური განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად“.
„ჩვენ პირველად ვიკრიბებით მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების თაობაზე. ყველას მინდა, მოგილოცოთ ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება. მინდა, შეგახსენოთ, რომ საკმაოდ რთული 20 თვე გამოვიარეთ, მას შემდეგ რაც საქართველომ შეიტანა ოფიციალური განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამ 20 თვის განმავლობაში სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტად გაღვივდა ქვეყანაში პოლარიზაცია. ეს საკითხი წესით უნდა ყოფილიყო გაერთიანების საფუძველი, ოპოზიცია იყენებდა პოლარიზაციის შემდგომი გაღვივებისთვის. ათასი ტყუილი ვრცელდებოდა, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატის სტატუსზე იყო მიბმული მილიარდობით დაფინანსება და ა.შ. ეს ყველაფერი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ კიდევ უფრო მეტად გაეღვივებინათ ამ საკითხის გარშემო ემოციები საზოგადოებაში. ეს იყო დეზინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით სწორედ იმისთვის, რომ პოლარიზაცია გაღვივებულიყო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ასევე ხორციელდებოდა 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟი, იყო რევოლუციის მცდელობა გასული წლის ივლისში, თუმცა ყველა ეს მცდელობა საბოლოო ჯამში დასრულდა წარუმატებლად.
„დიდ იმედებს ამყარებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე ამა წლის ნოემბერ-დეკემბერზეც, თუმცა ამ გეგმებს ცივი წყალი გადაესხა, როცა ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. საბოლოო ჯამში ჩვენმა ბრძოლამ გამოიღო შედეგი და უკვე გვაქვს დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსზე. 8 ნოემბერი იყო ნამდვილად შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის. წყალში ჩაეყარათ მთელი ის გეგმები, რომლებსაც ისინი უკავშირებდნენ კანდიდატის სტატუსის საკითხს. დღეს გამოქვეყნდა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია არის მძიმე მდგომარეობა. „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებული რეიტინგი არის 20 პროცენტი და ვერც ერთი სხვა პარტია ვერ ახერხებს ბარიერის გადალახვას. შეგახსენებთ, ეს კვლევები ჩატარდა იქამდე, ვიდრე ევროკომისია გამოაქვეყნებდა თავის დადებით რეკომენდაციას. ეს პროცენტები კიდევ უფრო მეტად შემცირდება ოპოზიციის მხარეს და სწორედ ეს ადარდებს რადიკალურ ოპოზიციას. ამიტომ მიიღეს ასე ტრაგიკულად ევროკომისიის გადაწყვეტილება რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
მინდა, შეგახსენოთ, როგორი ორმაგი სტანდარტი აქვს რადიკალურ ოპოზიციას, ისინი ამტკიცებდნენ, რომ სტატუსი იყო ხსნა, მილიარდები და ა.შ. დღეს კი ამტკიცებენ, რომ სტატუსი ყოფილა არაფერი. აქედან ჩანს, როგორი ყალბები არიან ეს ადამიანები. დარწმუნებული ვართ, 15 დეკემბერს ევროპული საბჭო საბოლოოდ მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, მოგვანიჭებს სტატუსს, ამისთვის მადლობა ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს, რომელმაც განსაკუთრებული სიბრძნე გამოავლინა მთელი 20 თვის განმავლობაში და არავის მისცა საშუალება, ეს საკითხი გამოყენებული ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ და ხალხის სიბრძნის წყალობით მოგვენიჭება 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსი. განსაკუთრებული მადლობა ხალხს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც საკუთარი ძალისხმევა ჩადო კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა კობახიძემ.