„ვულოცავ საქართველოს სამართლიან აღიარებას და ევროკავშირის გზაზე უწყვეტ სვლას, რომელიც 15 დეკემბერს, აუცილებლად უნდა დასრულდეს პოზიტიური გადაწყვეტილებით, რადგან ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით და ევროკავშირი საქართველოს სახით შეიძენს საიმედო პარტნიორს, რეგიონის გამორჩეულ რეფორმატორ ქვეყანას, აღმავალი ეკონომიკური და დემოკრატიული სისტემებით“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციის საკითხთან დაკავშირებით.
„დეზინფორმაციაა, როცა ქვეყანაში, სადაც ევროკავშირის მომხრე 85%-იანი მხარდაჭერაა, ამ ხალხის უმრავლესობის არჩეულ ხელისუფლებას რუსულს უწოდებ. რა უნდა აზიანებდეს ამაზე მეტად ევროღირებულებებს და ამაზე მეტ კოგნიტურ აშლილობას იწვევდე ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ პროევროპული საზოგადოების სამჯერ მანდატგადაცემული ხელისუფლება გინდათ რუსულად წარმოაჩინოთ. ჩვენი ხალხი, რომელიც საუკუნეების მანძილზე დასავლური ღირებულებების მატარებელია, რუსულ ხელისუფლებას ირჩევს?! თქვენ რომ დაგიჯეროთ „პრორუსულ ხელისუფლებას“ ევროკავშირმა ჯერ ასოცირების ხელშეკრულება გაგვიფორმა, მერე საკუთარ თავისუფალ სავაჭრო სივრცეში მოგვცა დაშვება, ამ ხელისუფლების პირობებში მივიღეთ ვიზის ლიბერალიზაცია და ახლა უკვე კანდიდატის სტატუსის რეკომენდაცია. როგორ გავიგოთ ევროკავშირი მთელი ათწლეულია ჩვენ ხელისუფლებასთან ერთად რომ აძლიერებს საქართველოს, რუსების თამაშს თამაშობს?“ - განაცხადა ნინო წილოსანმა და დასძინა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციასთან ერთ ხმაში იმეორებდნენ და ანგარიშს ანგარიშზე აგზავნიდნენ საერთოდ არც ერთი რეკომენდაცია არ შესრულებულა და დასაჯეთ ჩვენი ქვეყანაო.
„ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციაა, როცა სალომე ზურაბიშვილი 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს, საკუთარი ხალხის არჩეულ და ლეგიტიმაცია მინიჭებულ ხელისუფლებას რუსული საქმის კეთებაში რომ ადანაშაულებს და ამით, თავის პროევროპულ საზოგადოებას შეურაცხყოფს და აძლიერებს შეფარულ ანტიდასავლურ კამპანიას. ევრო განწყობების დაზიანებაა და დეზინფორმაციაა, როცა ხალხს ეუბნებით რომ თურმე ევროკავშირის გარდა სხვა ქვეყნებთან ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ანტიდასავლურია და მთელ აქტივობებს იწყებთ საქართველო - ჩინეთის ურთიერთობების წინააღმდეგ. უფრო მეტიც, სალომე ზურაბიშვილის განცხადება სინ ძინ პინის წინააღმდეგ, არის ქვეყნის უდიდესი პოლიტიკური დარტყმის ქვეშ დაყენება, რის გამოც პრემიერს და თითოეულ ჩვენგანს ბოდიშის მოხდა გვიწევს რომ ეს ზიანი თავიდან ავირიდოთ. ამიტომ როცა ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციაზე ვსაუბრობთ - არ არსებობს იმაზე უფრო მეტი დეზინფორმაცია, რომ საკუთარი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას რუსული უწოდო და საქართველოს წინააღმდეგ მუშაობა, რომელიც 2014 წლიდან ევროკავშირის სისტემის შემადგენელი ნაწილია, ზუსტად რომ ევროკავშირის წინააღმდეგ პროპაგანდაა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.