logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება არ სურს
- +

10 სექტემბერი. 2016. 18:36



„ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა პარტიის აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებაზე და განაცხადა, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც დღეს არამშვიდი გარემო უნდა შექმნას, „ნაციონალური მოძრაობაა". კახა კალაძის განცხადებით, ძალიან ცუდია, როდესაც პროვოკაციები ხდება.


„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ჩვენს ოპონენტებს, რომ თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან. მე მინდა მოვუწოდო შესაბამის სამსახურებს, რომ ყურადღება მიაქციონ და მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები, რომ ფიზიკური დაპირისპირირება არ მოხდეს. ზოგადად, როდესაც ხდება ამა თუ იმ პარტიის შეხვედრა, ვფიქრობ, რომ არ არის მიზნშეწონილი, რომ იქ რომელიმე პარტიის წარმომადგენელი მივიდეს.

 

ეს იწვევს უსიამოვნებას, შეხლა-შემოხლას, შეიძლება მოხდეს ფიზიკური დაპირისპირებაც, რაც, რა თქმა უნდა, ცუდია. ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანია არჩევნების მშვიდ, თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარება და ამას უზრუნველვყოფთ", - განაცხადა კალაძემ.


მისივე თქმით, როგორც ჩანს, იმ ინციდენტებს, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხორციელდება, „ნაციონალური მოძრაობა" აწყობს, რაც ძალიან ცუდია.


„თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, რომ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი მართავს შეხვედრას, იქ „ქართული ოცნების" წარმომადგენელი მივიდეს და იმ კონკრეტული შეხვედრის ჩაშლა სცადოს. ასე რომ, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც არჩევნების არამშვიდ გარემოში ჩატარება აწყობს, რათა შემდეგ გარედან მოხდეს საუბარი, რომ არჩევნები არადემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს, არის ახალი და ძველი „ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა კალაძემ.

 

როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ბოლო დღებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან" პროვოკაციები რეალურად არის მოსალოდნელი.


მისივე თქმით, ჯერჯერობით პროვოკაციების მასშტაბი დიდი არ არის, თუმცა დინამიკა მზარდია. კობახიძის თქმით, პროვოკაციების განსაკუთრებული კონცენტრაცია შეიმჩნევა სამეგრელოში, კონკრეტულად ზუგდიდში და აჭარაში, სადაც პარტია „ქართული ოცნების" აქცივისტების მიმართ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner