ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით შეკრებას აპირებს“.
მდინარაძის თქმით, [ნაციონალურმა მოძრაობამ] ადამიანის ღირსება საერთოდ გააქრეს და ამის 20 წლისთავს აღნიშნავს ლევან ხაბეიშვილი.
„ლევან ხაბეიშვილის გეგმების შეფასება ჩემს ძალებს აღემატება. იმდენად დიდია ის ადამიანი რომ მე არ შემიძლია. შეიძლება ვისაუბრო ჩვეულებრივ პოლიტიკოსებზე დანარჩენზე, ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, მაგრამ რისი 20 წელი უნდა აღნიშნო. 2003 -ში ადამიანებს ეგონათ, რომ დემოკრატია, ადამიანის უფლებები იქნებოდა ხელისუფლების პრიორიტეტები. ადამიანის უფლებების მოკვლა განიზრახეს და შეასრულეს კიდეც. გააქრეს ადამიანი და მისი ღირსება, პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით გააუპატიურეს ადამიანი და მისი ღირსება. ეს გააკეთეს მათ. დახოცეს ხალხი. ტერიტორიები ჩააბარეს ოკუპანტ ქვეყანას, წინასწარ, ერთი წლით ადრე ტერიტორიები მოუხაზეს ისე ჩააბარეს, ომის დანაშაული დააბრალეს საკუთარ ჯარისკაცებს. ცხინვალზე თავდასხმა დააბრალეს ჯარისკაცებს გაუფრთხილებლად და ამით გადავიდაო, ხელი მოუწერეს, ესკალაცია ახალ საომარ ფაზაშიო და კასეტური ბომბები და ომის დანაშაული დააბრალეს საკუთარ ჯარისკაცებს. ადამიანის ღირსება საერთოდ გააქრეს და ამის წლისთავს, ამ ქვეყანაში ამის მოტანის 20 წლისთავს აღნიშნავს ლევან ხაბეიშვილი და სიმბოლურია, რომ ლევან ხაბეიშვილი აკეთებს ამას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.