logo_geo
eng_logo
გიორგი ჩაკვეტაძემ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის (SDSURF) კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
- +

14 ნოემბერი. 2023. 18:12

 

 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის (SDSURF) კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

 

ღონისძიებაზე SDSURF-ის მიერ ადრეული განათლების მიმართულებით ჩატარებული კომპლექსური სამუშაოების ფარგლებში მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

 

გიორგი ჩაკვეტაძე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში სკოლამდელი განათლების მიმართულებით თემატური მოკვლევის ჯგუფს ხელმძღვანელობს. მან ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სექტორში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.

 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი აქტიურად მუშაობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პოლიტიკის მიმართულებით. ჩვენ მიერ დაწყებული თემატური მოკვლევა დასკვნით ეტაპზეა და წლის ბოლომდე შემუშავებული იქნება რეკომენდაციები, რომლებიც შესაბამის უწყებებს მიეწოდება. ადამიანური რესურსებისა და ინფრასტრუქტურის გავლენის შესწავლა ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია ის რეფორმები, რომლებიც სექტორში მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო პროგრამა, რაც 885 საჯარო ბაგა-ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაციას გულისხმობს. პროგრამა ამ მხრივ არსებულ გამოწვევებს პასუხობს“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

 

კონფერენციაზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითმა ფონდმა წარმოადგინა განხორციელებული აქტივობები, რომლებიც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და პროგრამების ხარისხის ამაღლების მიზნით მიმდინარეობს.

 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდი ადრეული განათლების საფეხურზე კომპლექსურ სამუშაოებს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ინოვაციის, ინკლუზიური განათლებისა და ხარისხის პროექტის ფარგლებში ახორციელებს.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეებმა, დეპუტატებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner