„რაში გვჭირდება ასეთ მავნებლებთან თანამშრომლობა?! ის, ვინც აქტიური, კონსტრუქციული და აქცენტირებული იყო, რომ დიახ, საქართველოს უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი, მათთან ახლაც ვთანამშრომლობთ და მომავალშიც გავაგრძელებთ“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუა ხათუნა სამნიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც კახა კალაძის განცხადებას უპასუხა, რომელშიც თბილისის მერმა თქვა, რომ მისთვის, გამოცდილებიდან გამომდინარე, ევროკომისიის ახალი დათქმების შესრულების მიზნით, ოპოზიციასთან თანამშრომლობა წარმოუდგენელია.
„სულ რამდენიმე ხნის წინ თავის კოლეგებს თვითონ [ხათუნა სამნიძე] არ იყო რომ საყვედურობდა, რომ თურმე საბოტაჟს ეწეოდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ?! ასეთ ოპოზიციასთან რა საერთო გვაქვს? წლებია ვერ შემოვიყვანეთ სამუშაო ჯგუფებში, რომ ან ერთი ადეკვატური იდეა ჰქონოდათ, ან რეფორმებში მიეღოთ მონაწილეობა. რაში გვჭირდება ასეთ მავნებლებთან თანამშრომლობა?! ის, ვინც აქტიური, კონსტრუქციული და აქცენტირებული იყო, რომ დიახ, საქართველოს უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი, მათთან ახლაც ვთანამშრომლობთ და მომავალშიც გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ზარქუამ.