ავტორი ბიძინა დვალი
სიამაყით ვუერთდები სრულიად საქართველოს ერთსულოვან შეფასებას, რომ ევროკომისიის რვა ნოემბრის განცხადებაში, აღიარება, როგორც ასეთი, არ არის მთავარი, მთავარია - ისეთად გვაღიარეს, როგორიც ვართ(!)...
„ღირსებით ევროპისკენ“ - პრინციპი, როგორც სამოქმედო გეგმა, გამარჯვების ფორმულად იქცა. ქებათა-ქება „ქართულ ოცნებას“, მსოფლიოს მმართველ ელიტებთან უთანასწორო ბრძოლაში, დასახულ მიზნამდე ამაყად თავაწეულები რომ მიგვიყვანა. არც ხოხვით, არც ჩოქვით, არც სხვის დაკრულზე ასკინკილა ცეკვით, არამედ - ღირსებით. ეს განგრძობადი პროცესი იმ გმირობის ანალოგია, რაც ავტომატიან მოძალადესთან შიშველი ხელებით პირისპირ დარჩენილმა გურამ გაბესკირიამ ჩაიდინა 1993 წლის 27 სექტემბერს.
ჩვენი ძალა სიმართლეშია(!), მაგრამ სიმართლე ყოველთვის არ არის წარმატების საკმარისი პირობა. მმართველი პარტიის მიერ გაცხადებულ პოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა რომ არ მიეღო, სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა შეუსრულებელ ამოცანად დარჩებოდა.
მოდით, გავხსნათ ფრჩხილები: ყოველივე ზემოთქმული თავის თავში გულისხმობს ერის თანხმობას ყველაზე მნიშვნელოვანზე - ევროკავშირი და სხვა ნებისმიერი გაერთიანება არ შეიძლება იყოს მიზანი და მითუმეტეს - თვითმიზანი. ევროკავშირი არის საშუალება, წევრთა ურთიერთპასუხისმგებლობის გზით მეტი უსაფრთხოების, მეტი განვითარების, მეტი კეთილდღეობის მიღწევისთვის. მიზანი კი გახლავთ ის, რაც წმინდა ილია მართალმა მარადიული ანდერძის სახით დაგვიტოვა ამ ქვეყნის თითოეულ შვილს - „სჯობს არ ვიყოთ, ვიდრე სხვისი ნებით ვიყოთ“ - და რაც გურამ გაბესკირიამ, გიორგი ანწუხელიძემ და სხვა მრავალმა უსახელო თუ სახელიანმა „უფლისციხელმა“ ქართველი კაცის ცხოვრების წესად დაამკვიდრეს.
ურთიერთობების აღებ-მიცემობის წესზე მთლიანად გადართულ დასავლურ სტრუქტურებს, დიდი ხანია აღარ ახსოვთ, რომ არსებობს სიტყვათა წყობა - „მარადიული ღირებულებები“. ღმერთი, სამშობლო, ერი, ენა, ოჯახი, ადამიანი... ათი მცნება, როგორც ზნეობრივი კოდექსი - ათასწლეულებ გამოვლილი კატეგორიებია.
ნაყროვანებით გონებადაბინდულთ ცხოვრება პერიოდულად შეახსენებს ხოლმე, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ღირებულებები იმიტომ არის მარადიული, რომ ამა თუ იმ პოლიტიკური დღის წესრიგის ვერანაირი განვითარება მათ ვერ ეხება და ვერ ლახავს. ათადან და ბაბადან, ამ ჭეშმარიტების უარყოფა და მასთან ბრძოლა გახლდათ ყველა დროებითი იდეოლოგიის, ანუ ყველა ფსევდო-იდეოლოგიის მამების და მათი მიმდევრების მთავარი შეცდომა. ამიტომ იყო, რომ მოკლე დროში, უკლებლივ ყველა, „ყოვლისშემძლე“ მონსტრებიდან ისტორიის სანაგვის ბინადრებად იქცეოდნენ ხოლმე.
ისინი არ შეიცვლებიან და ვერ შეიცვლებიან, ვიდრე დრო არ შეიცვლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი ვალია, კიდევ უფრო გავმყარდეთ ჩვენი მიზნებისა და ამოცანების გადაწყვეტის გზების ისტორიულ არჩევანში. საქართველო ჩვენი სამშობლოა, მათთვის - შუა დერეფანი, სტრატეგიული დანიშნულების ზონა. შეფასებები - „გლობალური ომის პარტია“ და „დაუძინებელი მეგობრები“, ზუსტი ასახვაა იმ „დასავლური“ ინტერესებისა, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს მიმართ არსებობს და რომლის ფლაგმანსაც „ვაშინგტონის კრემლი“ წარმოადგენს.
რვა ნოემბერი ჩვენთვის ისტორიული მნიშვნელობის დღეა, მათთვის - გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესებით ნაკარნახევი იძულებითი უკანდახევა. კიდევ ერთხელ ქებათა-ქება „ქართულ ოცნებას“ - ამ ნარ-ეკლიან გზაზე არც ერთი კომპრომისი, არც ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფო სუვერენიტეტს შეარყევდა და ზიანს მოუტანდა.
წინ 2024 წლის არჩევნებია... ჩვენთვის განვითარებისა და წინსვლის ახალი ეტაპის დასაწყისი, მათთვის - დესტრუქციის ახალი ნიშნული, არეულობის ორგანიზების მორიგი საშუალება და წინაპირობა...
ჩემო კარგო ქვეყანა, ყველაფერი კარგად იქნება!.. მომავალი შენია!..
ბიძინა დვალი
14.11.2023 წ.