კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა შოთა ხაბარელმა კორეული კომპანიის SK Telecom-ის პრეზიდენტ ჯეიმს რუსთან და კომპანიის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, SK Telecom-ი თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ინოვაციურ სერვისებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. კორეელი ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა საქართველოში ვიზიტის მიზანს კი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის შესწავლა და მასში შესაძლო მონაწილეობის მიღების საკითხი წარმოადგენდა.
შოთა ხაბარელმა კორეელ სტუმრებს პარლამენტში სტუმრობისთვის და საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობის ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი განცხადებით, კორეული ინვესტიციით საქართველოში არაერთი პროექტი განხორციელდა და ქართული მხარე მიესალმება იმ ინტერესს, რომელსაც კორეელი ბიზნესმენები საქართველოს მიმართ იჩენენ.
შეხვედრაზე მხარეებმა თანამედროვე ტექნოლოგიების კუთხით საგანმანათლებლო პროექტების შესახებაც ისაუბრეს. კორეული კომპანიის წარმომადგენლებმა წარმატებული ქართველი სტუდენტების სეულის უნივერსიტეტებში განათლების მიღების ხელშეწყობაზე მზადყოფნა გამოთქვეს.
შოთა ხაბარელის და კომპანია SK Telecom-ის წარმომადგენლების შეხვედრა კორეის რესპუბლიკის საელჩოს დროებითი რწმუნებული დაესწრო.