„ორ მეგობარ და მოძმე ერთან ერთად, ჩვენი მთავარი მიზანია, უზრუნველვყოთ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ამ პროცესში მიუკერძოებელი მოთამაშის როლს საკმაოდ წარმატებით ასრულებს.
„ჩვენს ორ მეგობარ და მოძმე ერთან ერთად, ჩვენი მთავარი მიზანია, უზრუნველვყოთ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა. ზოგადად, საქართველო ყოველთვის, წლების განმავლობაში ცდილობდა, ეს ბუნებრივი როლი ეკისრა ამ პროცესში, თუმცა ძალიან რთული, კომპლექსური კონფლიქტი იყო და სწორედ პრემიერ-მინისტრის განსაკუთრებული ძალისხმევით, ორი ქვეყნის ლიდერებთან მისი პირადი ურთიერთობებით მივიღეთ კონკრეტული შედეგი, ორივე ქვეყნისთვის ურთიერთსასარგებლო შეთანხმების“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ღიად დაიწყეს საუბარი მშვიდობის აუცილებლობაზე, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე და მათი ნარატივი მთლიანად მშვიდობაზეა ფოკუსირებული.
„ეს ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ პრეზიდენტ ალიევის საქართველოში ვიზიტისას, პრემიერ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტისას და ასევე, აზერბაიჯანის პრემიერის საქართველოში ვიზიტისას. საქართველო ორივე ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, თანაბარ პირობებში ისარგებლონ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციით, ამ შესაძლებლობით, რომ ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ სატრანზიტო თვალსაზრისით. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არის თანაბარ პირობებში. ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, ჰყავდეს თავდაცვის ძალები და როდესაც საკითხი ეხება საერთაშორისო შეთანხმებებით ნებადართულ კონვენციურ აღჭურვილობას თუ იარაღს, ნებისმიერ ქვეყანას აქვს ამის შეძენის უფლება. საქართველოს პოზიციაა, თანაბარ პირობებში ორივე ქვეყანას მისცეს შესაძლებლობა, რომ მათ ისარგებლონ იმ სატრანზიტო ფუნქციით, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. შესაბამისად, ეს არის ჩვენი პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ საკითხთან დაკავშირებით ზედმეტი ინსინუაცია თუ წიაღსვლა უადგილო იქნება“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.