საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის ან ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, 19 პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, ორ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდების“ დავალებით, საქართველოში „ქურდულ გარჩევებს“ სისტემატიურად აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს იხილავდნენ. ასევე, რვა ბრალდებულმა დავის მათ სასარგებლოდ გადასაწყვეტად „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებს მიმართა.
6 პირს ბრალდება 2231 მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 5 პირს ბრალდება 2233 მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, მათგან 1 პირს დაუსწრებლად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ხოლო 8 პირს - 2234 მუხლის პირველი ნაწილით („კანონიერ ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა), რაც სასჯელად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.