საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაზე იმსჯელა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 24 865,5 მლნ ლარს შეადგენს, რაც ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით 704,3 მლნ ლარით არის გაზრდილი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია წარადგინა.
მისი თქმით, ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანას საშუალება მისცა, სრულად აენაზღაურებინა პანდემიის დანაკარგი და ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად გაზრდილიყო. მინისტრის შეფასებით, საქართველომ რეკორდულად დაბალ დროში შეძლო, როგორც მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, ისე ფისკალური პარამეტრების სრულად აღდგენა.
რაც შეეხება მთავრობის ვალს, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 3 წლის განმავლობაში ვალის მოცულობა 20-ზე მეტი პუნქტით შემცირდა და დღეისათვის 38%-ის ფარგლებშია.
მაკროეკონომიკურ და ფინანსურ მაჩვენებლებზე საუბრისას ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 28 მილიარდ 500 მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც სახელმწიფოს პრიორიტეტების შესაბამისად სხვადასხვა უწყებებზე გადანაწილდება.
„2024 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 5.2%-ის ფარგლებშია დაგეგმილი, ნომინალური მშპ-ის პროგნოზი 85,4 მლრდ ლარის ოდენობით არის განსაზღვრული, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 8 600 დოლარს აჭარბებს. 2027 წლისთვის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 108,0 მლრდ ლარამდეა პროგნოზირებული, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 10 900 დოლარს გადააჭარბებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ლაშა ხუციშვილმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და მაკროეკონომიკური პარამეტრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მონაცემებს შეადარა და აღნიშნა, რომ იმ დინამიკის ფონზე, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია, 2027 წლისთვის ქვეყანას იგივე მაჩვენებელი ექნება, რაც რიგ ევროპულ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანებისას ჰქონდათ.
„2024 წელს, ჩვენი შემოსავლები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 41%-ს შეადგენს, ხოლო 2027 წლისთვის 45 %-მდე გაიზრდება. თუ გადავავლებთ თვალს ევროკავშირში ბოლო გაწევრიანებული ქვეყნების მონაცემებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის რიგ ქვეყნებს, მათ შორის, ბულგარეთს, პოლონეთს, უნგრეთს, რუმინეთს, გაწევრიანების მომენტში, დაახლოებით, მსგავსი მაჩვენებლები ჰქონდა. ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ბოლო მაკროეკონომიკურ პარამეტრებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ საქართველოს არამარტო მათ საშუალო მაჩვენებლებზე უკეთესი პოზიცია აქვს, არამედ მთელი რიგი მიმართულებებით მოწინავე პოზიციაზეა. ეკონომიკური ზრდის ტემპით, საქართველო პირველ ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის, ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით, საქართველო მე-3 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის, მთავრობის ვალის სიმცირის მიხედვით, საქართველო მე-10 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის და უსწრებს 26 ქვეყანას, ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირის მიხედვით, საქართველო მე-16 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის და უსწრებს 20 ქვეყანას“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრმა ბიუჯეტის შედგენის პროცესში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, სამინისტრომ კომიტეტის მიერ წარდგენილი 22 რეკომენდაციიდან სრულად ან არსებითად სრულად 21 რეკომენდაცია გაითვალისწინა.
„მესმის, რომ კიდევ შეიძლება მოგვიწიოს მსჯელობა დამატებით საჭიროებებზე. ეს საჭიროებები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავდროულად მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობის აუცილებელი პარამეტრების შენარჩუნება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა