logo_geo
eng_logo
ლაშა ხუციშვილი: მსოფლიოში ვერ ნახავთ ბევრ ქვეყანას, სადაც საარჩევნო წელს ბიუჯეტის დეფიციტი 2.8%-დან 2.5%-მდე, ხოლო ვალის დონე 40%-39%-დან 38%-მდე მცირდებოდეს
- +

15 ნოემბერი. 2023. 20:57

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, შემაჯამებელ გამოსვლაში დარბაზში ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ რამდენიმე განცხადებას უპასუხა.

 

 

„დღეს ზოგიერთ კითხვასა და მოხსენებაში გამოითქვა მოსაზრება, რომ 2024 წლის წარმოდგენილი ბიუჯეტი - საარჩევნო ბიუჯეტია. ამგვარი განცხადება პირველად არ გვესმის, მსგავსი შეფასება მოსმენილი გვაქვს 2021-2022 და გასულ წლებშიც. ალბათ, თავადაც მოგწონთ ეს ბიუჯეტი და ამ ფორმით გამოხატავთ მოწონებას - ამბობთ, რომ ეს საარჩევნო ბიუჯეტია. თუმცა, გავიწყდებათ, რომ ბიუჯეტს ხარჯების გარდა, აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრები. 2024 წლის ბიუჯეტის პარამეტრები, რომელიც დღესაა წარმოდგენილი, ნამდვილად გამორჩეულია ბევრი ქვეყნისგან (ბევრი ქვეყანა სწორედ ახლა გადის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს) თქვენ ვერ ნახავთ ბევრ ქვეყანას მსოფლიოში ისეთს, რომ საარჩევნო წელს ბიუჯეტის დეფიციტი 2.8%-დან 2.5%-მდე, ხოლო ვალის დონე 40%-39%-დან 38%-მდე მცირდებოდეს. მესმის, რომ შესაძლოა ეს იყოს ბიუჯეტის შეფასების ნაწილი, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, დავინახოთ, სტრუქტურულად რამდენად გაჯანსაღებულია ჩვენი ბიუჯეტი იმ რეალობაში, იმ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, რომელიც ჩვენ გარშემოა და რომელშიც საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი“, - განაცხადა ხუციშვილმა.

 

 

მისივე თქმით, ბიუჯეტი ყოველთვის ორიენტირებულია საშუალოვადიან, 3-4 წლიან პერიოდზე.

 

 

„რამდენიმე მონაცემი შედარებული იყო 2012 წელთან და დაისვა კითხვა - რა გაიზარდა სამჯერ? გეტყვით რა გაიზარდა სამჯერ და მეტადაც. ჯანდაცვის მიმართულებით - ჯანდაცვის პროგრამები და ის ხარჯები, რომელსაც დღეს აფინანსებს ბიუჯეტი და მაშინ არ აფინანსებდა, არათუ სამჯერ, არამედ ხუთჯერ და მეტადაა გაზრდილი. მასწავლებელთა ხელფასები 4,5-ჯერ არის გაზრდილი, პოლიციელთა და ჯარისკაცების ხელფასები 2-ჯერ და მეტჯერ არის გაზრდილი. საშუალო ხელფასი საჯარო და კერძო სექტორში, დაახლოებით, 2,5-ჯერ არის გაზრდილი. პენსიები გაზრდილია საშუალოდ, დაახლოებით, 3-ჯერ. პირველი კატეგორიისთვის დაახლოებით 2,9-ჯერ, მეორე კატეგორიისთვის - 3,3-ჯერ. ყველა მიმართულებით, რაზეც ვისაუბრეთ ზოგჯერ 4-5-ჯერაც არის გაზრდილი როგორც დაფინანსება, ისე პროგრამები და კომპენსაციები ნაწილი. კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია - სიღარიბე, რომელიც 2012 წელს შეადგენდა 30%-ს. ეს მაჩვენებელი 15%-მდეა ჩამოსული ანუ განახევრებულია. რა თქმა უნდა, 15%-ი აბსოლუტურ მაჩვენებელში საკმაოდ დიდი რიცხვია და მნიშვნელოვანია მისი კიდევ უფრო შემცირება. სიღარიბის შემცირების ყველაზე მთავარი ფორმულა კი ეკონომიკური ზრდაა. დარწმუნებული ვარ, 2024 წლის ბიუჯეტი უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა გააგრძელებს მაღალი ტემპით ზრდას, როგორიც ეს იყო გასულ წლებში (ორნიშნა ეკონომიკური ზრდა) მიმდინარე წელის პროგნოზით 6,5%-იანი ზრდა, რაც საბოლოო ჯამში, გააუმჯობესებს თითოეული მოქალაქის ცხოვრებას საქართველოში“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner