ევროპული საბჭო დეკემბრის ისტორიული სამიტისთვის მზადებას იწყებს. წლის ბოლო სამიტისთვის პოზიციებია შესათანხმებელი და პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება. მინისტრები ამ თემაზე კომენტარებს უკვე აკეთებენ.
„სლოვაკეთი ევროკავშირის შემდგომი გაფართოების დიდი მხარდამჭერია. სლოვაკეთი სრულად უჭერს მხარს და მიესალმება ევროკომისიის მიერ მომზადებულ პაკეტს გაფართოების შესახებ“, - აცხადებს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მარეკ ესტოკი.
ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.
ბლოკში გაერთიანებისკენ ამ დროისთვის 10 ქვეყანა ისწრაფვის: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 8 ქვეყანას აქვს მინიჭებული: უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთსა და თურქეთს.