"პარლამენტი უნდა იყოს არა ლანძღვა-გინებისა და ერთმანეთის შეურაცხყოფის ადგილი, არამედ იდეების წარმოჩენის ადგილი," - ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, დღეს საპარლამენტო ოპოზიციისგან ვერაფერს ხედავს, გინების გარდა.
„არაფერ შუაში არ არის პარტიების სიმრავლე პლურალიზმთან. პლურალიზმი უნდა გამოიხატებოდეს იდეების მრავალფეროვნებით და არა იმით, თუ ვინ უფრო ხმამაღლა იგინება პარლამენტში და დღევანდელ პარლამენტში ვერაფერს ვხედავთ გინების გარდა ამ ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობისგან“, - განაცხადა სუბარმა.
მან ასევე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2020 წლის მოვლენების გამეორებას ელის, როდესაც ოპოზიციის უმრავლესობა ჯერ საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე აცხადებდა უარს, შემდეგ კი ნაწილი ბოიკოტში იყო.
„აბსოლუტურად იგივეს ველოდები, თუმცა იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მოიქცევა სხვანაირად და პირველი მოთხოვნისთანავე შეუწყვეტს ოპოზიციას მანდატებს, - განაცხადა სუბარმა.