“ჩვენ, როგორც ხელისუფლება, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, მომავალ სამუშაოზე ავიღებთ პასუხისმგებლობას და ბოლომდე მივიყვანთ იმ ისტორიულ საქმეს, რასაც ჰქვია საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში”, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„კიდევ ერთხელ, მინდა, მივულოცო ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის პოზიტიური შეფასება. პრაქტიკულად, ევროკავშირმა მწვანე შუქი აუნთო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მოველით, რომ დეკემბერში საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ანუ, ჩვენ გადავდივართ უკვე ევროკავშირში გაწევრიანების ეტაპზე. მივესალმები, რომ ამისთვის ევროკავშირმა ძალიან კონკრეტული ვადებში გაწერილი გეგმა შეიმუშავოს, რაც საქართველოს მხარესთან შეთანხმებული იქნება და ერთობლივად გადავალთ ამ გეგმის განხორციელებაზე. ის 9 პირობა, რომელზეც არის საუბარი, სწორედ სამომავლო რეფორმების და გეგმის ნაწილი იქნება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს გეგმა შესაბამისობაში იყოს იმ საჭიროებებეთან, რაც საქართველოს აქვს და რაც არსებობს საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ დღის წესრიგში. ვადები უნდა იყოს განჭვრეტადი.
რაც შეეხება თანამშრომლობას ამ რეფორმების და გეგმის გარშემო, რასაკვირველია, ჩენ მივესალმებით თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ვისაც გულწრფელად სურს, რომ საქართველომ აჩვენოს შემდგომის პროცესი ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა აქაც არ უნდა შევიქმნათ ილუზიები და არასწორი მოლოდინები, რომ ის ხალხი, ვინც ფულს იხდიდნენ საქართველოს დასანქცირებაში, ლობისტებს ქირაობდნენ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი დაებლოკათ, ჩადიოდნენ და უმტკიცებდნენ ევროპელ პარტნიორებს რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს, თითქოს საქართველლო ამას არ იმსახურებდა, რომ ეს ხალხი მოვა და დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვება შემდგომ რეფორმებში, მათ შემუშავებასა და განხორციელებაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ, როგორც ხელისუფლება, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ამ მომავალ სამუშაოზე ავიღებთ პასუხისმგებლობას და ბოლომდე მივიყვანთ იმ ისტორიულ საქმეს, რასაც ჰქვია საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში”, - აღნიშნა თალაკვაძემ.