ჟურნალისტი მარი გულორდავა სოციალურ ქსელში წერს:
„ზაფხულის მშვენიერი სისხამი დილა იყო, ნუკრი კარატეს მავარჯიშებდა სახლის უკანა ეზოში, 30 წელი გავიდა და ახლაც მახსოვს, როგორი გაღიმებული სახით მოდიოდა ჩვენკენ, თეთრი მაისური ეცვა, ცოტა ხანი გვიყურა, ვარჯიში არ გაგვაწყვეტინა, თავის ძმას უთხრა, რა დააკლო ზაურიმ, რომ ეს ბიჭად არ დაიბადაო. შემდეგ ჩემთან მოვიდა, ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა... ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. სოფელში ნათესავები ყველა ერთ ქუჩაზე ვცხოვრობთ, ერთადერთი ბიძაჩემი ცხოვრებს ცოტა შორს, იმ დღეს, 1993 წლის 2 ივლისს ბიძაჩემთან ვიყავი სახლში, როცა სადღაც შორიდან წარმოუდგენლად საშინელი კივილის ხმამ დააყრუა მთელი სოფელი, ხმაზე ვიცანი, როლიტა ბიცოლას ხმა იყო და მივხვდი, რაც ხდებოდა - ის ბიჭი, რომელიც ბოლოს თეთრ მაისურში და გაღიმებული ვნახე, იმ დღეს აფხაზეთის ომში წავიდა, წავიდა და აღარ დაბრუნებულა. 30 წელი იტანჯა როლიტა ბიცოლამ, 30 წლის განმავლობაში არ იცოდა, მისი შვილი ცოცხალი იყო თუ მკვდარი, 30 წელი ელოდნენ და ეძებდნენ მერაბ გედენიძეს ნათესავები, მაგრამ უშედეგოდ და მაშინ, როცა არავინ ველოდით, მისი ნეშთი აღმოაჩინეს. 30 წლის შემდეგ, ოცი ქართული მებრძოლი გმირის ნეშთი იპოვეს, ოცი გმირი ბიჭის ოცმა გმირმა დედამ ამოისუნთქა, რადგან მათვის დღეს ყველაზე ღირებული ომში გაშვებული, ქვეყნის დასაცავად გაშვებული შვილების საფლავები ექნებათ. მერაბ (რენო) გედენიძის სამოქალაქო პანაშვიდი 30 წლის შემდეგ, 15-16 ნოემბერს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება“, - წერს მარი გულორდავა.