ავტორი სოფო ხუგოიანი
პედაგოგთა ბოლო საგნობრივი გამოცდა მიმდინარე წლის იანვარში ჩატარდა, სადაც 83%-მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა. ამ თემასთან დაკავშირებით „რეპორტიორს" ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია ესაუბრა. ღვინჯილიას თქმით, პედაგოგების კვალიფიკაციაზე პასუხისმგებელი არამარტო დღევანდელი, არამედ ძველი ხელისუფლებებიც არიან. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კვალიფიკაციის ამაღლება ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის და არ უნდა იყოს დამოკიდებული კონკრეტული მასწავლებლის სურვილზე.
„ეს არის დიდი ხნის პრობლემა, მასწავლებელთა კვალიფიკაციის სხვადასხვა მექანიზმები კომუნისტების დროსაც არსებობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მექანიზმები არ იყო ეფექტური, შედეგი, სამწუხაროდ, მაშინაც და ახლაც თითქმის ერთნაირია. მასწავლებლების კვალიფიკაცია ყოველთვის აჩენდა პრობლემებს, რადგან შემოწმების მეთოდები არ არის გამკაცრებული. ახლა იმიტომ გამოიკვეთა ეს პრობლემა, რომ კვალიფიკაცია ციფრებში ვნახეთ, რაც ვითარებას აშკარას ხდის.
საკითხი ძალიან კომპლექსურია იმ მხრივ, რომ პრობლემის გადაწყვეტაში ჩართულია ფინანსური მექანიზმებიც. საჭიროა ფინანსური მექანიზმების გამოყენება, რადგან მასწავლებელთა ხელფასი მნიშვნელოვანია მათი კვალიფიკაციის ამაღლების სურვილისთვის. კვალიფიკაციის ამაღლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის და არა დამოკიდებული კონკრეტული მასწავლებლის სურვილზე. ასევე სასურველია, რომ მასწავლებელთა შემოწმების ინსტრუმენტები გახდეს მრავალფეროვანი და არა მხოლოდ ტესტური იყოს. ამჟამად, ტესტებში მხოლოდ საგნობრივი ცოდნა მოწმდება, რაც არა მგონია, იყოს კარდინალური მნიშვნელობის, რადგან შეიძლება ის, როგორც მასწავლებელი მცირე ცოდნასაც კარგად გადმოსცემდეს მოსწავლეებს, მაშინ, როცა მეორეს შეიძლება ცოდნა მეტი ჰქონდეს, მაგრამ არ ჰქონდეს გადმოცემის უნარი. მგონია, რომ ამ ნიუანსების გათვალისწინება ვერ ხერხდება. საგნობრივთან ერთად მასწავლებელს ზოგადი ცოდნაც კარგი უნდა ჰქონდეს.
მასწავლებლები, რომლებმაც ვერ გადალახეს მინიმალური ზღვარიც კი, არ არიან ახალი პედაგოგები, ისინი სასწავლო სისტემაში წლების განმავლობაში არიან. მათ კვალიფიკაციაზე პასუხისმგებელი არამარტო დღევანდელი, არამედ ძველი ხელისუფლებებიც არიან. ეს შედეგები ყველა ხელისუფლების არასწორი მოქმედების ბრალია", - ამბობს ღვინჯილია.