პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
მხარეებმა საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრეს.
„ცვლილებები ცესკოს წევრების არჩევისთვის 3/5-იანი კვორუმის შემოღებას უკავშირდება. ჩვენ ვთხოვეთ ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისიას ამ საკითხთან დაკავშირებით დასკვნის მომზადება და სწორედ ამ მიზნით იმყოფებიან ისინი საქართველოში.
დელეგაციის წევრებს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ აღნიშნული ცვლილების მიღებამდე არსებული წესი პრობლემური იყო და პრაქტიკულად არ იმუშავა. ასევე, ეს წესი ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ არის და სწორედ ამის გამო გახდა საჭირო ამ რეგულაციების შეცვლა. ჩვენ დეტალურად გავაცანით სტუმრებს ყველა პრობლემატური საკითხი, რაც პრაქტიკაში დადგა. დელეგაციის წევრები ამ საკითხთან დაკავშირებით ვიზიტის დროს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დეკემბერში მოამზადებენ შესაბამის დასკვნას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.