logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს შეხვდა
- +

16 ნოემბერი. 2023. 16:51

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს კადრი სიმსონს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ამ ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო ახლა ელის, რომ დეკემბერში ევროკავშირის ლიდერები საბოლოო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ და ქვეყანა მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

 

ისაუბრეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის დაწყების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ დიალოგის დაწყება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში გადამწყვეტი ეტაპის გათვალისწინებით.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარ კადრი სიმსონს ამ პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის.

 

განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში, ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მზარდ როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო მზადაა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობაში მისი სატრანზიტო პოტენციალისა და მწვანე ენერგიის გამომუშავების შესაძლებლობების სრულად გამოყენების გზით.

 

საუბარი შეეხო გლობალური მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებშიც საქართველოა ჩართული. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის.

 

ყურადღება გამახვილდა იმ პოტენციალზე, რომელიც საქართველოს, როგორც ჰიდრო- და განახლებადი ენერგეტიკული რესურსებით მდიდარ ქვეყანას, აქვს.  აღინიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს განახლებადი წყაროებიდან ჭარბი ენერგიის წარმოების მიმართულებით, რომელიც შეიძლება მეზობელ ქვეყნებს მიეწოდოს. ამასთან, მხარეებმა ხაზი გაუსვეს მწვანე ენერგიის განვითარების მიმართულებით ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროკომისრის კაბინეტის წევრი ბარბარა გლოვაკა, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და  მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოში, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ვახტანგ მახარობლიშვილი ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner