პარლამენტს უმრავლესობის კვოტით არჩეული ორი ახალი ვიცე-სპიკერი ჰყავს - პლენარულ სხდომაზე ვიცე-სპიკერი პოსტზე “ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი აირჩიეს.
რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც 15 ნოემბერს მესამე მოსმენით განიხილეს და დაამტკიცეს, პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა ხუთიდან შვიდ ვიცე-სპიკერამდე გაიზარდა. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს სამი მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და სამი მოადგილე - საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან.
დღეიდან მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარდგენით არჩეული ვიცე-სპიკერები არიან: - ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი კახიანი და არჩილ თალაკვაძე. პარლამენტს ასევე ჰყავს პირველი ვიცე-სპიკერი, რა თანამდებობასაც გია ვოლსკი იკავებს.
რაც შეეხება ოპოზიციისთვის განსაზღვრულ კვოტას, ამ სტატუსით პარლამენტის ვიცე-სპიკერია პოლიტიკური ჯგუფ “ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე. ოპოზიციისთვის განკუთვნილი ვიცე-სპიკერის კიდევ ერთ პოსტზე ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვიცე-სპიკერად ლევან ბეჟაშვილის არჩევას მხარს არ უჭერს და ამას პოლიტიკური გადაწყვეტილებით ხსნის.