“ელექტრონული არჩევნები და პირადობის მოწმობები რა შუაშია. ძალიან ვთხოვ ყველას, ხალხს ნუ აგიჟებენ. ფურცელი, რომელზეც ადამიანის სასურველი არჩევანია, როგორ ჩაცურდება ელექტრონულ აპარატში, პირადობის მოწმობა ამასთან რა შუაშია?”, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას თქვა.
მდინარაძე ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ძველი, ლამინირებული პირადობის მოწმობითაც შეეძლებათ. ცვლილებები, რომელიც „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შედის, პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
„ელექტრონული არჩევნები და პირადობის მოწმობები რა შუაშია. ძალიან ვთხოვ ყველას, ხალხს ნუ აგიჟებენ. ფურცელი, რომელზეც ადამიანის სასურველი არჩევანია, როგორ ჩაცურდება ელექტრონულ აპარატში, პირადობის მოწმობა ამასთან რა შუაშია?! ელექტრონული აპარატი ქსელში არსად არის შეერთებული, ეს არის მთავარი დაზღვევა. ჩვენთვის, ფრიდონ ინჯიას ინიციატივის დაკმაყოფილებას, თუ არ დაკმაყოფილებას სუბიექტური მიზეზი არ აქვს. ნამდვილად არ ვართ დარწმუნებულები, რომ საარჩევნო კონტექსტში ის ათასობით, თუ რამდენიც იქნება, ადამიანების ხმა სად წავა, კაცმა არ იცის. მეორე მხრივ, არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს იმას, რომ საარჩევნო ხმის უფლება არავის უნდა წაერთვას. ამ ლოგიკაზე ამყარებს ბატონი ფრიდონიც თავის ინიციატივას. ჩვენ ასეთი შეთავაზება გვაქვს საზოგადოებასთან - ბატონი ფრიდონის ინიციატივა კი არ იყოს გადაწყვეტა, არავის წაერთვას საარჩევნო ხმის უფლება, არამედ [საზოგადოებამ] სხვა ნებისმიერი გზა მოიფიქროს. ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს აქვს რაღაც არასწორი წარმოდგენა - ჰგონიათ, რომ პირადობის მოწმობის გამოცვლით რაღაც იცვლება მის ცხოვრებაში. ეს არის არასწორი, მაგრამ მას ასე მიაჩნია და არ აძლევს სახელმწიფო უფლებას, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ბატონი ფრიდონის გადაწყვეტის გზა არის არასწორი? მათ [ამ ჯგუფმა] გვითხრან რა გზა არის სწორი, არგუმენტები გავცვალოთ და იმ გზით უზრუნველვყოთ ყველამ ერთად, რომ საარჩევნო უფლება არ წაერთვას ადამიანს და ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც აღსრულდეს“, - აღნიშნა მდინარაძემ.