logo_geo
eng_logo
კონსერვატორიას „სტეინვეის“ როიალების მორიგი პარტია მიეწოდა
- +

17 ნოემბერი. 2023. 14:32

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 50-წლიანი წყვეტის შემდეგ განაგრძობს მუშაობას თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ინსტრუმენტების დეფიციტის აღმოსაფხვრელად. კომპანია STEINWAY & SONS-თან თანამშრომლობა კულტურის სამინისტრომ 2021 წელს დაიწყო და დღეს როიალების უკვე მეხუთე პარტია მიიღო. ჯამში მისაწოდებელი 78 როიალიდან, 47 როიალი უკვე მიღებულია. ამჟამად კონსერვატორიას გადაეცა 10 როიალი, რომელთა მოწოდება 2024 წელს იყო გათვალისწინებული. ამ როიალებიდან რვა განთავსდება კონსერვატორიის საკლასო ოთახებში, ერთი - კამერულ დარბაზში, ერთი - საოპერო სტუდიაში. 2022 წლიდან დღემდე მიღებული ყველა როიალი უკვე აუდიტორიებშია, სადაც ისინი კომპანიის პროფესიონალმა ინჟინრებმა ააწყვეს, გამართეს და შეამოწმეს. ინსტრუმენტების დეფიციტი სახელმწიფო კონსერვატორიისთვის წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პრობლემა იყო. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მისი მიგვარების აუცილებლობის შესახებ 2021 წელს განაცხადა და ამავე წელს დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები კომპანია „სტეინვეისთან“. აღსანიშნავია ქართველ-ამერიკელი პიანისტისა და კომპოზიტორის, ცნობილი ხელოვანის, გიორგი ლაცოს, წვლილი. მან სამინისტროსა და „სტეინვეის“ შორის მოლაპარაკებების დაწყებას განსაკუთრებულად შეუწყო ხელი. ნაყოფიერი მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელშეწყობით, კულტურის სამინისტრომ მსოფლიოში აღიარებულ მწარმოებელთან რამდენიმეწლიანი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტის მიხედვით, კონსერვატორიას 2022 წლიდან 2025 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გადაეცემა 78 როიალი, რისთვისაც გამოიყო 8 012 636 ევრო. 2022 წელს საქართველომ მიიღო 17 როიალი, 2023-25 წლებში კი მიიღებს 61 როიალს (კონსერვატორიის მიერ განსაზღვრული მოდელებისა და რაოდენობის მიხედვით). 2023 წელს კონსერვატორიამ უკვე მიიღო 30 როიალი: ივნისში - შვიდი, ოქტომბერში - 13 (რომელთაგან კონსერვატორიის ჯაზის განყოფილებას გადაეცა ორი, კონსერვატორიის მანანა დოიჯაშვილის სახელობის სამუსიკო სემინარიას კი - ერთი როიალი), ნოემბერში - 10. მიმდინარე წლის 15 სექტემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი „სტეინვეი ენდ სანზის“ ხელმძღვანელებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2024 წლის განმავლობაში როიალების შემოტანის პროცედურებსა და სამომავლო მომარაგების საკითხებს. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა სხვა სამუსიკო-საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობაზე. „სტეინვეის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებისას მინისტრმა კიდევ ერთხელ წამოჭრა საკითხი, რომ კომპანიამ გადაამზადოს ქართველი ფორტეპიანოს ამწყობი სპეციალისტები და ჰამბურგში, „სტეინვეის“ ქარხანაში, სამინისტროს დაფინანსებით მათ გაიარონ ტრენინგ-კურსები, რათა ინსტრუმენტების ეს დიდი ფონდი სათანადოდ შევინახოთ. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ გამოაცხადა შესარჩევი კონკურსი ჰამბურგში ფორტეპიანოების ინჟინრების გადასამზადებლად, რომელთა ტრენინგებს კომპანია „სტეინვეი ენდ სანზი“დააფინანსებს. აღსანიშნავია, რომ მრავალწლიანი ისტორიის კომპანია „სტეინვეისთვის“ ევროპის მასშტაბით ეს შესყიდვა უპრეცედენტოდ ითვლება. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში საქართველოს კულტურის, სპორტისა დაახალგაზრდობის მინისტრი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, კომპანიაში STEINWAY & SONS. თეა წულუკიანი კომპანიის პრეზიდენტ გვიდო ციმერმანსა და რეგიონულ დირექტორ ანტონ ვილჰელმს შეხვდა. მინისტრმა დაათვალიერა STEINWAY & SONS-ის როიალების საწარმო და საქართველოსთვის განკუთვნილი რვა როიალი, რომლებიც ჰამბურგიდან 25 ნოემბერს უნდა გამოეგზავნათ. სამწუხაროდ, მუსიკალური ინსტრუმენტების დეფიციტი აქტუალური პრობლემაა არა მხოლოდ კონსერვატორიის, არამედ სხვა სახელოვნებო სასწავლებლებისთვისაც. ინსტრუმენტები განსაკუთრებულად სჭირდებათ: სსიპ ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს, სადაც მუსიკალური ინსტრუმენტები ბოლოს გასული საუკუნის 70-იან წლებში შეიძინეს, სსიპ გორის სამუსიკო კოლეჯს (1971 წლის შემდეგ კოლეჯს ახალი ინსტრუმენტი არ შეუძენია), სსიპ რუსთავის სამუსიკო სასწავლებელს (60-იანი წლების შემდეგ ინსტრუმენტები არ განახლებულა) და არაერთ სხვა სასწავლო დაწესებულებას. სახელმწიფოს დახმარებით, 2021 წლის ოქტომბერში, პირველად ბოლო 50 წლის განმავლობაში, ინსტრუმენტების ბაზა განახლდა სსიპ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში - „ნიჭიერთა ათწლედში“. კულტურის სამინისტრომ სასწავლებლისათვის შეიძინა სრულიად ახალი, მაღალი ხარისხის მუსიკალური ინსტრუმენტები: როიალი STEINWAY & SONS (Essex Piano), ფლეიტა, საყვირი, ტრომბონი, კლასიკური გიტარა, დასარტყამი ინსტრუმენტები, ქსილოფონი და ვალტორნა, თუმცა, მიუხედავად ამისა, „ნიჭიერთა ათწლედში“ ინსტრუმენტების დეფიციტი კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება. აღსანიშნავია, რომ ე. მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში კომპანიამ, დროებითი სარგებლობისა და ინსტრუმენტის შეფასება-გამოცდის მიზნით, განათავსა ორი ე. წ. ბოსტონის როიალი. გარდა „სტეინვეი ენდ სანზთან“ თანამშრომლობით შეძენილი ინსტრუმენტებისა, სამუსიკო სკოლებსა და სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლების მიზნით სამინისტრომ კონკურსის საფუძველზე 2021 წელს ექვს რეგიონში 700 000 ლარით დააფინანსა 13 მუსიკალური ორგანიზაცია 160 ახალი ინსტრუმენტის შესაძენად. 2022 წელს გამოყოფილი 400 000 ლარით საქართველოს შვიდ რეგიონში 11 მუსიკალურ გაერთიანებაში შემავალი 19 სამუსიკო სკოლისთვის შეძენილია 83 ინსტრუმენტი. 2023 წელს თბილისსა და რეგიონებში მოქმედი 12 მუსიკალური ორგანიზაცია დაფინანსდა 300 000 ლარით 65 სხვადასხვა სახეობის ინსტრუმენტის შესაძენად (როიალი - 6, აკუსტიკური ფორტეპიანო - 17, ელექტროფორტეპიანო - 1, გიტარა - 3, ვიოლინო - 12, ფლეიტა - 5, ფანდური - 9, სალამური - 4, ჩონგური - 5, საქსოფონი - 1, კლარნეტი - 1, ფლეიტა - 1).

 

 

ლინკი: 

https://www.facebook.com/share/p/sKS5Gw5LDqMETh6j/?mibextid=I6gGtw

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner