logo_geo
eng_logo
კულტურის მინისტრი მწერალთა სახლში მისუძუ კანეკოს პოეზიის ქართული თარგმანის პრეზენტაციას დაესწრო
- +

17 ნოემბერი. 2023. 14:57

 

 

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ცნობილი იაპონელი პოეტი ქალის, მისუძუ კანეკოს, ლექსების ქართული თარგმანების კრებულის პრეზენტაცია მწერალთა სახლში გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, იაპონიის ელჩი საქართველოში ჰიდეკი იშიძუკა, ენათმეცნიერი და მთარგმნელი იასუჰირო კოჯიმა ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთი დუმბაძემ და იაპონიის ელჩმა საქართველოში ჰიდეკი იშიძუკამ. „იაპონური ექო“ მისუძუ კანეკოს დაკარგული ლექსების კრებულია, რომელიც იაპონელი პოეტი ქალის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება. წელს მისუძუ კანეკოს (1903-1930) დაბადებიდან 120 წელი გავიდა. ქართული მე-14 ენაა მსოფლიოში, რომელზეც მისუძუ კანეკოს ლექსები ითარგმნა და გამოიცა. ლექსები ქართულ ენაზე მარიამ წიკლაურმა თარგმნა. წიგნის რედაქტორი და კონსულტანტია იასუჰირო კოჯიმა ელზა ნაბახტეველთან ერთად. პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით დაისტამბა გამომცემლობაში Cezanne Publishing. პროექტის ხელმძღვანელია მანანა კარტოზია, გამომცემელი - შორენა შავერდაშვილი. წელს პოეტის შემოქმედებას, მისი ლექსების თარგმანებსა და ბიოგრაფიას არაერთი პუბლიკაცია მიეძღვნა ქართულ სალიტერატურო სივრცეში. იაპონელი პოეტის შესახებ მარიამ წიკლაურის პუბლიკაციები დაიბეჭდა კულტურის სამინისტროს ჟურნალში „კულტურა პლიუსი“ (რედაქტორი რეზო იუკურიძე), „ლიტერატურულ გაზეთში“ (რედაქტორი ირაკლი ჯავახაძე) და საყმაწვილო ჟურნალში „იალქანი“ (რედაქტორი ნანა ჭანტურია). წიგნში 42 ლექსია. გამოცემა ორენოვანია - ქართულ-იაპონური და ახლავს მისუძუ კანეკოს აღმომჩენისა და მკვლევრის, იაპონელი პოეტის, სეცუო იაძაკის, წიგნის რედაქტორის მისალმება ქართველი მკითხველისადმი, იასიჰურო კოჯიმას წარდგენა, გამომცემლის, შორენა შავერდაშვილის, წინასიტყვაობა და მთარგმნელ მარიამ წიკლაურის წერილი პოეტის შემოქმედებაზე. პოეტის ცხოვრებაზე მოგვითხრობს ამერიკელი მთარგმნელი და გამომცემელი დევიდ იაკობსონი. წიგნის ერთი ნაწილი მხატვრულად გააფორმეს ახალგაზრდა მხატვარმა, 12 წლის ანა აბულაძემ და არტრედაქტორმა ბესიკ დანელიამ. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა თეონა ნაცვლიშვილის წიგნის „საკურა“ პრეზენტაცია. წიგნში იაპონია და მისი კულტურა წარმოჩენილია საკურას აღწერით. თეონა ნაცვლიშვილი წიგნის ავტორი და დიზაინერიცაა, რის გამოც, ტექსტი და ილუსტრაციები ერთ მთლიანობად აღიქმება. „საკურა“ 2021 წელს გამოიცა. იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელია მანანა კარტოზია, წიგნი დაისტამბა გამომცემლობაში „სეზანი”.

 

ლინკი:

https://www.facebook.com/share/p/H4x4dxMuH7UjK6Xw/?mibextid=I6gGtw

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner