logo_geo
eng_logo
როგორ ვებრძოლოთ ვირუსებსა და დაბალ იმუნიტეტს - რჩევები ექიმ მაკა ბულეიშვილისგან
- +

17 ნოემბერი. 2023. 15:11

 

 

თბილი შემოდგომის მიუხედავად, „ვირუსების სეზონი“ აქტიურადაა დაწყებული და ჩვენს ირგვლივ უამრავი ადამიანი ებრძვის რესპირაციულ ვირუსებს. გარდა სეზონური ვირუსებისა, კოვიდთანაც გვიწევს თანაცხოვრება... რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს ამჟამად ქვეყანაში, როგორ უნდა ვებრძოლოთ მათ და რა უნდა გავაკეთოთ, თუკი სიმპტომები გამოჯანმრთელების შემდეგაც დაგვრჩება - „რეპორტიორის“ სტუმარია პროფესორი, კლინიკური ექსპერტი, ექიმი მაკა ბულეიშვილი.

 

- ქალბატონო მაკა, მიუხედავად იმისა, რომ თბილი შემოდგომა გვაქვს, ზამთარი უკვე კარსაა მომდგარი და „ვირუსების სეზონიც“ კარგა ხანია დაიწყო... მოდით, საუბრის დასაწყისშივე გვითხარით, რომელი ვირუსები ცირკულირებს ამჟამად და რამდენად აქტიურად გვიტევს ამ სეზონზეც კოვიდი?

 

- წლევანდელმა შემოდგომამ თბილი ამინდებით ნამდვილად გაგვანებივრა, თუმცა, ვირუსები უკვე ოქტომბრის ბოლოდან აქტიურად ცირკულირებს. როგორც წესი, ვირუსების სეზონი აპრილის ბოლომდე ან მაისის შუა რიცხვებამდეც კი გრძელდება ხოლმე. ახლა ვირუსული ინფექციების გავრცელების ყველაზე აქტიური პერიოდია, განსაკუთრებით, სასუნთქი სისტემის პათოლოგიის მქონე ადამიანებისთვის. ამ ეტაპისთვის გავრცელებულია რინოვირუსი, ადენოვირუსები, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, გრიპის „A“ ტიპის ვირუსი და ამის პარალელურად, კოვიდთანაც გვიწევს თანაცხოვრება. კოვიდის ეპიზოდები არა მხოლოდ ახლა, რთულ სეზონზე, არამედ ზაფხულის პერიოდშიც კი ვლინდებოდა. მისი და სხვა ვირუსების გამოხატული სიმპტომები შეიძლება ძალიან ჰგავდეს ერთმანეთს: ცემინება, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, უძლურება, ტემპერატურის მატება, ოფლიანობა, ცხვირიდან გამონადენი, ასევე ხველა, რომელიც ვირუსის მოქმედების არეალიდან გამოსვლის შემდეგაც გარკვეული პერიოდი რჩება ხოლმე. ხშირად, ჩამოთვლილ სიმპტომებს ემატება დიარეა. სიმპტომები სტანდარტულად ხუთი დღის განმავლობაშია ხოლმე გამოხატული და, კოვიდის შემთხვევაში, ადამიანი გამოჯანმრთელებულად ითვლება კიდეც ხუთი დღის შემდეგ (თუკი მას არ აქვს თანმდევი დაავადებები). მაგრამ აქვე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუკი დაავადება  გრძელდება 7-10 დღის შემდგომაც და რჩება გამოხატული სიმპტომები (რომლებიც შესაძლოა ფილტვების სხვადასხვა სახის პათოლოგიებში გადაიზარდოს), ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გვქონდეს ექიმთან კონტაქტი, რადგან თუკი დაავადება უკვე რესპირატორულია და სისტემის ანთებითი პროცესია დაწყებული, მოხდეს მისი დროული აღმოფხვრა. აუცილებელია, განსაკუთრებულად ფრთხილად და ყურადღებით იყვნენ ქრონიკული პათოლოგიის მქონე ადამიანები, ასაკობრივი ჯგუფები, ბავშვები და ისინი, ვისაც იმუნური სისტემა აქვს დაქვეითებული, რადგან სწორედ იმუნური სისტემაა პასუხისმგებელი იმაზე, როგორ გადავიტანთ ამა თუ იმ დაავადებას.

 

- როგორ უნდა მოხდეს იმუნიტეტის ამაღლება და რას ურჩევდით ზამთრის პერიოდში ამ მიმართულებით ადამიანებს?

 

- ზაფხულთან შედარებით ამ პერიოდში ნაკლებია ვიტამინების რაოდენობა, რადგან ზაფხულში გვაქვს ხილის ფართო არჩევანი, ჯანსაღი პროდუქტები და რაც მთავარია მზე (ზაფხული უხვია ნუტრიენტებისა და ვიტამინების შემადგენლობითა და მზის სხივებით, ანუ D ვიტამინით). ვინაიდან ზამთარში იმუნური სისტემის არასრულფასოვანი გაჯერება ხდება, აუცილებელია მისი შევსება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ ერთი სახეობის ვიტამინი ვერ შექმნის ვიტამინების იმ ბალანსს, რაც ადამიანის ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. თუკი მას დააკლდება რომელიმე კომპონენტი, აუცილებლად გაჩნდება ამ ნუტრიენტის ნაკლებობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. სწორედ ამიტომ, უნდა ავირჩიოთ ცხოვრების ჯანსაღი წესი, უნდა ვიკვებოთ ჯანსაღად და სუფთა ჰაერზე ფეხით უნდა ვისეირნოთ... თუ მაინც დავსნებოვნდებით, არ არის აუცილებელი ზედმეტად ჩათბუნება, აუცილებელი კი - ჰიგიენის დაცვა, პაციენტის ოთახის განიავება და მისთვის ჟანგბადის მიწოდებაა. ზამთრის პერიოდში ორგანიზმისთვის აუცილებელია ვიტამინი C, რადგან ის ანტივირუსული და ანტიოქსიდანტური მოქმედებისაა, რაც არაჩვეულებრივია ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისთვისაც და დასნებოვნების შემთხვევაშიც. C ვიტამინი განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა ლიმონში, ფორთოხალში, მანდარინში, კივში. ლიმონის მიღებას დიდ რეკომენდაციას ვუწევ, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ თუკი ადამიანს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები ან წყლულოვანი დაავადება აქვს, მისმა განუსაზღვრელი რაოდენობით მიღებამ შეიძლება მეორე დაავადების პროვოცირება მოახდინოს. აქედან გამომდინარე, ზომიერების დაცვა აუცილებელია. ანტიოქსიდანტური მოქმედება ასევე გააჩნიათ D ვიტამინსა და თუთიას, რომელიც პასუხისმგებელია კანის სიჯანსაღეზე, თმის სტრუქტურაზე, ნერვულ სისტემაზე... მთლიანობაში, ამ სამი ვიტამინის კომბინაცია (ანუ C და D ვიტამინები და თუთია) იმუნური სისტემის გამყარების იდეალური ფორმულაა.

 

- ქალბატონო მაკა, არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებიც ვიტამინების მიღების ბუნებრივ გზებს ამჯობინებენ და ზამთრის პერიოდში ვირუსით დასნებოვნების თავიდან ასაცილებლად, მიირთმევენ თქვენს მიერ რეკომენდებულ ლიმონს, ასევე, წყალში გახსნილ ვაშლის ძმარს ან ერთ კბილ ნიორს. ჩემს მიერ ჩამოთვლილი მეთოდები რამდენად ამაღლებს იმუნიტეტს და კიდევ რაიმეს ხომ არ დაუმატებდით ამ ჩამონათვალს?

 

- ადამიანის ორგანიზმში იმუნიტეტის ვარდნა სხვადასხვა მიზეზით ხდება ხოლმე, ხშირად ეს უკავშირდება დიეტებსა და ზოგადად, არასრულფასოვან კვებას. თქვენს ჩამონათვალს მე დავამატებდი ბროკოლს, რომელიც ახლა ტრენდულიცაა და დიდი რაოდენობით D ვიტამინსაც შეიცავს, ასევე წითელ ხორცსა და წითელ თევზს. ასევე, ძალიან კარგია ბარდა, ნიგოზი და ციტრუსი. ანტივირუსული თვისებები გააჩნია და შეუცვლელია დინდგელი და თაფლი... ზოგადად საკვები პირველი და ფუნდამენტური მაშენებელია ჩვენი ჯანსაღი ორგანიზმის, მაგრამ რადგან ხშირად ვერ ვახერხებთ რაციონალურ კვებას, მხოლოდ საკვებით ვიტამინების სასურველ ნიშნულამდე აწევა ვერ ხერხდება, ამიტომ, ასეთ შემთხვევაში აუცილებელი ხდება ხოლმე, პარალელურად მივიღოთ ვიტამინებიც.

 

- ზოგიერთ ადამიანს, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა, სიმპტომები დიდი ხნის განმავლობაში დარჩა. ხშირ შემთხვევაში მათ უენერგიობა, ზოგადი სისუსტე თუ თავბრუსხვევა აწუხებთ... როგორ შეიძლება ამ სიმპტომებთან ბრძოლა და მათი დამარცხება?

 

- ვირუსმა ადამიანს შესაძლოა დაუტოვოს ანემია, აუტოიმუნური დაავადებები, რკინის, D ვიტამინის ან ჰემოგლობინის ნაკლებობა, ვირუსმა შესაძლოა დაწიოს მაგნიუმის, კალიუმის ან რომელიღაც სხვა კომპონენტის დონე და ამ ერთი კომპონენტის დეფიციტის შემთხვევაშიც კი, უკვე ბუნებრივად ვლინდება ის სიმპტომები, რომლებიც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ. ვირუსის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს და ხანგრძლივად დატოვოს ბევრი პრობლემა. სიმპტომების დატოვების შემთხვევაში აუცილებელია მივიდეთ ანალიზების ჩასატარებლად, რათა გავარკვიოთ, რომელი კომპონენტის დეფიციტი დაგვიტოვა გადატანილმა ვირუსმა. თუკი აღმოვაჩენთ კონკრეტულ პრობლემას, არ უნდა წავუყრუოთ, რათა ის არ გახდეს ახალი დაავადების გაჩენის საწინდარი (ან არ გააღვიძოს ძველი, მიძინებული პრობლემა), ასე რომ, უნდა ჩატარდეს პროფესიონალური და კვალიფიციური კვლევა. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ თვითნებურად, გადაჭარბებული რაოდენობით ვიტამინების მიღება არასწორია, რადგან მან შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

 

- ქალბატონო მაკა, ყველა რეკომენდაციის დაცვის შემთხვევაშიც კი, დიდია შანსი, რომ ადამიანი ვირუსით მაინც დასნებოვნდეს. როგორია თქვენი რჩევები იმ შემთხვევაში, როდესაც ვირუსული პროცესი ადამიანის ორგანიზმში უკვე მიმდინარეობს?

 

- პირველ რიგში, მინდა, ყველამ გამორიცხოს ანტიბიოტიკური თერაპია მეზობლის, მეგობრის ან ნათესავის გამოცდილების გათვალისწინებით და კონსულტაცია გაიარონ ექიმთან! ვირუსის დროს უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, ასევე ლიმონი, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებელია დავიცვათ დოზირება, რადგან განუსაზღვრელი რაოდენობით სითხის მიღებაც კი არ შეიძლება (განსაკუთრებით ქრონიკული და გულის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის). დასნებოვნებულმა ადამიანმა, აუცილებელია, დაიცვას ჰიგიენის ნორმები, ოთახი გაანიავოს ხშირად, იკვებოს ჯანსაღად კვება და ვიტამინებით გაჯერებული პროდუქტი მიიღოს. ვიმეორებ, C ვიტამინის, D ვიტამინისა და თუთიის კომპონენტის ერთობლიობის მიღება შეუდარებელ ეფექტს იძლევა, დოზები კი ასეთია: 15 მილიგრამი - თუთია, 1 000 მილიგრამი D ვიტამინი და 1 000 მილიგრამი C ვიტამინი.

 

- და ბოლოს, არ იქნება სწორი, ინტერვიუ ვაქცინაციაზე საუბრის გარეშე დავასრულოთ. ქვეყანაში, სადაც, სამწუხაროდ, ისევ ბევრი ანტივაქსერი გვყავს, გვინდა, კიდევ ერთხელ დაგითმოთ არეალი, რომ გვითხრათ, თუ რა როლი აქვს იმუნიზაციას კაცობრიობის ისტორიაში და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გრიპის ვაქცინით აცრის დადებითი მხარეები კიდევ ერთხელ რომ გაგვაცნოთ:

 

- გრიპის ვაქცინაცია უდიდეს შედეგებს აღწევს, როგორც პროფილაქტიკური, ისე დაცვის თვალსაზრისითაც. ამ დაკვირვებას უკვე წლებია ვაწარმოებთ და ეს უტყუარი ფაქტია! ქვეყნის მასშტაბით გრიპის იმუნიზაცია ხელმისაწვდომია პენსიონერებისთვის, ასაკობრივი ჯგუფებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, ასევე, სამედიცინო და სხვადასხვა რისკ-ჯგუფებში მომუშავე ადამიანებისთვის. რაც შეეხება ვაქცინაციის შედეგებს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ვაქცინირებული ადამიანიც დასნებოვნდეს, მას არ ექნება ის გართულებები, რომელ გართულებებზეც ჩვენ ინტერვიუს დასაწყისში ვისაუბრეთ. კაცობრიობას იმუნიზაციაზე კარგი რამ მედიცინაში არ შეუქმნია! თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ წავიდოდა ადამიანის ბედი, ყვავილის ვაქცინა რომ არ გამოეგონათ... შეგვიძლია დადასტურებით ვთქვათ, რომ მედიცინის მწვერვალი  ვაქცინა და ანტიბიოტიკია. წელს, გამომდინარე იქიდან, რომ თბილი შემოდგომა გვაქვს, მომართვიანობა შარშანდელთან შედარებით დაბალია, თუმცა, როგორც კი აცივდება, ველოდებით ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას. ისე კი, ძალიან კარგი იქნება,  ასეთი კარგი ამინდები კიდევ დიდხანს თუ გაგვიგრძელდება (იცინის).

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner