logo_geo
eng_logo
„მე მიყვარს რუსი ხალხი, მაგრამ არ მიყვარს რუსეთის მთავრობა“ - ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოშია
- +

11 მარტი. 2016. 16:55


„გამარჯობა, თბილისი!" - ასე დაიწყო კონფერენცია თანამედროვე ფრანგმა მწერალმა ფრედერიკ ბეგბედერმა, რომელიც ჟურნალ „12"-ის მოწვევით საქართველოში შეხვედრებს მართავს.


ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და ეპატაჟური მწერალი ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე მხიარული და უშუალო იყო.


მწერალმა ყველაზე დიდი აღფრთოვანება გამოთქვა ქართული ანბანის მიმართ და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან უცხოა და ძალიან მოსწონს ქართული დამწერლობა. ბეგბედერი ასევე აღფრთოვანებული დარჩა ქართული ღვინითა და სამზარეულოთი.


„გუშინ გავსინჯე ქართული სამზარეულო, რაც საოცარია. ჩემს გარშემო, სუფრაზე გაშლილი იყო უამრავი განსხვავებული საჭმელი, რომელიც ძალიან მომეწონა. საფრანგეთში ასე არ ხდება. იქ უნდა ელოდო, ელოდო, რაც ძალიან დამღლელია", - განაცხადა მწერალმა.


როგორც ყველასთვის ცნობილია, ბეგბედერის ბოლო რომანი „იდეალი", რომელიც რუსეთში 2007 წლიდან, ყველაზე მაღალრეიტინგული უცხოური ბესტსელერია, მწერალმა რუსი ოლიგარქის შეკვეთით დაწერა და ხშირად ამბობს, რომ რუსეთი მისი საყვარელი ქვეყანაა, სადაც ყველაზე კარგი გართობა იციან.


ამ თემასთან დაკავშირებით, მან დღევანდელ პრესკონფერენციაზეც უპასუხა შეკითხვებს. როგორც მან აღნიშნა, უყვარს რუსული მწერლობა, განსაკუთრებით დოსტოევსკი და რამდენიმე თანამედროვე ავტორი, მოსწონს რუს ხალხთან ურთიერთობა და ხშირად სტუმრობს კიდეც რუსეთს.


ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობს დღევანდელი რუსული პოლიტიკის შესახებ და რამდენად სწორი ინფორმაცია გააჩნია, რომ საქართველო ერთ-ერთი ოკუპირებული ქვეყანაა მათ მიმართ, მწერალმა განაცხადა, რომ ხალხი სხვა არის და პოლიტიკა - სხვა.


„მე მიყვარს რუსი ხალხი, მაგრამ არ მიყვარს რუსეთის მთავრობა", - განაცხადა ბეგბედერმა.  


საქართველო-რუსეთის ომთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ ბედნიერი იყო, როდესაც საფრანგეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი სარკოზი ომის დროს საქართველოში ჩამოვიდა და ქართველ ხალხს დაუჭირა მხარი.


როგორც შეხვედრის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ამ თემებთან დაკავშირებით, მწერალი უფრო ვრცლად ჟურნალ „12"-ის ბოლო გამოცემაში საუბრობს, რომელიც მთლიანად დაეთმო მწერალს და რომლის ფრანგული ვარიანტიც მომზადდა სპეციალურად მისთვის.


მწერალმა, ბევრი იხუმრა ქართულ გამოთქმებზე. მან საუბრის დროს ქართულ სიტყვებიც გამოიყენა - „აუ", „ჩემი", „მიყვარხართ" და ა.შ


კითხვაზე - რამდენად იცნობდა ქართულ ლიტერატურას, აღნიშნა, რომ სამწუხაროდ არ იცნობს ქართველ მწერლებს, რის გამოც რცხვენია და ბოდიშს იხდის, თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის დახურულ ჩვენებაზე ქართველ მწერლებსა და პოეტებსაც შეხვდება და მათი გაცნობის და მათთან საუბრის საშუალება მიეცემა.


„რეპორტიორის" კითხვაზე, რამდენად ეცნობა თანამედროვე ლიტერატურას, რამდენად მოსწონს თანამედროვე მწერლობა და ვინ არის მათ შორის საყვარელი მწერალი, ბეგბედერმა განაცხადა, რომ შეძლებისდაგვარად ცდილობს თანამედროვე ავტორების გაცნობას. მისი აზრით, კარგი მწერალი უნდა წერდეს რეალურ ამბებსა და რეალურ პერსონაჟებზე და აუცილებლად უნდა იყოს ცოტათი მხიარული მაინც.

 

„საუკეთესო მწერლები ყოველთვის მხიარულები არიან", - დასძინა მწერალმა.


როგორც მან აღნიშნა,  თავადაც მაქსიმალურად ცდილობს, თავის მწერლობაში იყოს რეალისტური და მხიარული. საყვარელ მწერლებზე საუბრისას კი ყველაზე დიდი დრო დაუთმო მიშელ უელბეკს და თქვა, რომ ის მისთვის გამორჩეული ავტორია.


ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ მწერალი მკითხველთან შესახვედრად „ბიბლუსში" გაემართა, სადაც მის თაყვანისმცემლებს საშუალება მიეცემათ, შეხვდნენ საყვარელ მწერალს, ჩამოართვან ავტოგრაფები და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღონ.


ბეგბედერმა ავტოგრაფი ექსკლუზიურად „რეპორტიორსაც" დაუტოვა.



ავტორი: თინა ღვინიაშვილი 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner