ქვეყნის თავდაცვის სფეროსა და საგარეო მიმართულებაზე, for.ge-ის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ესაუბრა.
- საქართველოს NATO-ს ხელმძღვანელობა ესტუმრა. საპარლამენტო არჩევნების წინ, ქვეყანაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გამართვას რა დატვირთვა აქვს და მეორე მხრივ, როგორ აფასებთ, გაჟღერებულ გზავნილებს?
- NATO-ში ჩრდილოატლანტიკური საბჭო მთავარი ორგანოა და საქართველოში, არჩევნების წინ, სტოლტენბერგის, ვერშბოუსა და აპარტურაის ჩამოსვლა მკაფიო გზავნილია მხარდაჭერის თაობაზე. იმ განწყობებით, რასაც ალიანსის წევრები ქვეყნის მიმართ გამოხატავენ, განცდა მაქვს, რომ საქართველო NATO-ს წევრია. აბსოლუტურად ყველა ერთსულოვანია, რომ საქართველომ სერიოზული პროგრესი განიცადა და ქვეყანაში დემოკრატია უკვე დამკვიდრებული სტანდარტია. საკითხს ისე არავინ უდგება, რომ არჩევნები ტესტია ან გამოცდა. პირიქით, პირდაპირ ნათქვამია, რომ ისინი დარწმუნებული არიან, რომ საქართველოში არჩევნები საუკეთესოდ ჩატარდება. უფრო მეტიც, ამ შეხვედრებზე ერთი კრიტიკული მინიშნებაც კი ვერ მოვისმინე. ყველა გამომსვლელმა თავისი სიტყვა იმით დაიწყო, რომ ისინი საკუთარ ქვეყნებს მოიაზრებენ, როგორც საქართველოს ძალიან პრინციპულ მხარდამჭერად. ეს ქვეყნები ოკუპაციას თავის სახელს არქმევენ და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ. როგორც მასპინძლები, ასევე სტუმრები ერთსულოვნები ვიყავით და დიალოგის დროს ისეთი საკითხი არ არსებობდა, რომელზეც შეიძლებოდა რომელიმე მხარეს მნიშვნელოვანი აქცენტი გაეკეთებინა. ძირითადად, შეხვედრებზე ფიქსირდებოდა - დემოკრატია, მხარდაჭერა, პროგრესი, მადლობა.
- დახურულ შეხვედრებზე, 8 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით რჩევები, გაფრთხილება, მოწოდება არ მიგიღიათ?
- მსგავსი არაფერი ყოფილა. ერთადერთი წუხილი იქნა გამოთქმული, რომ არჩევნებიდან გამომდინარე, რუსული პროპაგანდა გააქტიურებულია. ცხადია, არჩევნების წინ ის პოლიტიკური ძალები აქტიურდებიან, რომლებიც პრორუსულ ორიენტაციას ავლენენ.
- იენს სტოლტენბერგმა მსგავსი ტიპის განცხადება საჯაროდაც გააკეთა და აღნიშნა, რომ „ქართველებს შეუძლიათ, ებრძოლონ პროპაგანდას და მათ ნაცვლად, ამას მე ვერ გავაკეთებ". ხელისუფლება რამდენად ებრძვის რუსულ პროპაგანდას?
- როცა რუსულ პროპაგანდაზე და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ამ საქმეში ერთმანეთს პარტნიორებად მოვიაზრებთ. უფრო მეტიც, იმ მეთოდოლოგიით ვსარგებლობთ და ვხელმძღვანელობთ, რაც ნატოს წევრ ქვეყნებს გააჩნიათ და ასევე ერთიან პოზიციებს ვეყრდნობით.
- შეხვედრებზე ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით ითქვა რაიმე? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა - „ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ მომავალ წელს გაწევრიანდებით, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ბევრს აღწევთ იმით, რომ იღწვით წევრობისთვის"...
- სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ყველა ინსტრუმენტი გააჩნია იმისათვის, რომ ნატოს წევრი გახდეს. კონკრეტულ თარიღს ვერავინ ვერ დაასახელებს, რადგან ეს შეუძლებელია. ვერავინ ვერ შეძლებს, რომ 28 ქვეყნის სახელით გადაწყვეტილება მიიღოს. საქართველოსთვის თავად პროცესია მნიშვნელოვანი, რადგან ერთმანეთისგან ერთგვარ პოლიტიკურ და სტრატეგიულ სარგებელს ვიღებთ, რაც იმაში გამოიხატება, რომ საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისათვის, რომ ქვეყნის თავდაცვიუნარიანობა გაძლიერდეს. ნატოს წევრ ქვეყნებთან სამხედრო სფეროში პირდაპირ ვთანამშრომლობთ, რაც აქამდე ფაქტობრივად, შეზღუდული იყო.
საფრანგეთის ელჩმა ახსენა კიდეც, რომ რამდენიმე ერთობლივი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი. მათ შორის, მიმდინარე თვეში, საქართველოს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ეწვევა და ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ.
- საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსების იდეაზე, რა აზრის ხართ? მსგავსი ინიციატივით „რესპუბლიკური პარტია" გამოვიდა...
- ამერიკა საქართველოს პარტნიორია, ვისთანაც „შუამავლი" არ გვჭირდება. საერთო ინტერესებზე ერთად ვსაუბრობთ.
- „შუამავალში" რესპუბლიკელებს გულისხმობთ?
- ზოგადად ვსაუბრობ. ამ შემთხვევაში, ის, რა გეგმითაც საქართველო ნატოსკენ და ევროკავშირისკენ მიდის, ეს ყველაფერი შეთანხმებებიდან და პარტნიორობიდან გამომდინარეა. საერთო ინტერესი გვაქვს, რომ უსაფრთხოება როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთლიან რეგიონში იყოს უზრუნველყოფილი. მათ შორის, შავი ზღვის კონცეფცია ჩვენც გვეხება. ამ ვითარებაში, ასეთი გზავნილების გაჟღერებას პოპულისტურს და პიარზე გათვლილს ვუწოდებდი, რითაც ჩემი აზრით, რესპუბლიკელები თავიანთი თავის უფრო პროამერიკულად წარმოჩენას ცდილობენ. მათ კონკურენციას ჩვენი საქმით ვუწევთ. ის, რაც დავით უსუფაშვილმა გააკეთა, ამერიკისთვის ერთგვარი „სიურპრიზია". მმართველი გუნდი პარტნიორებს „სიურპრიზებს" არ უმზადებს.
- „სიურპრიზში" რას გულისხმობთ?
- თუ მაღალი რანგის პოლიტიკოსი გარკვეულ გზავნილებს აკეთებს, ამის უკან პასუხისმგებლობა უნდა იდგეს. თუ ჩვენს საერთო ინტერესში კონკრეტული საკითხი შედის, ეს გზავნილი შეიძლება მას შემდეგ ჩამოყალიბდეს, რაც შევთანხმდებით. ეს გზავნილი აქამდე არ გაჟღერებულა და ამერიკისთვის მოულოდნელობა იყო. მმართველ ძალას ის პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ თუ რაიმე სერიოზულ განცხადებას გავაკეთებთ, ეს შეთანხმებული პარტნიორებთან იქნება, რათა ეს მხოლოდ ფუჭი სიტყვები არ გამოდგეს და შედეგზე ორიენტირებული იყოს. იდეა მომწონს თუ არა, ეს ერთია, მაგრამ თავს „სიურპრიზების" გაკეთების უფლებას არ მივცემდი.
- თქვენი განწყობა როგორია, საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზე უნდა განთავსდეს თუ არა?
- შეიძლება, პირადად მე, უსაფრთხოების მეტი გარანტიისთვის სხვა აზრებიც მქონდეს, მაგრამ იმდენად რამდენადაც მმართველ გუნდს წარმოვადგენ, აზრებს საჯაროდ ვერ გავაჟღერებ. ოპოზიციას ნებისმიერი შეუთანხმებელი იდეის გაჟღერება შეუძლია, მაგრამ ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს, რადგან არ გვსურს, პარტნიორები უხერხულ ვითარებაში ჩავაყენოთ. ხელისუფლებაში იმიტომ ვართ, რომ მათთან სახელმწიფო დონეზე საუბარი შეგვიძლია.
- თქვენ დავით უსუფაშვილის იდეას „პოპულისტურს" უწოდებთ, მაგრამ სპიკერი საპირისპიროს ამბობს და აცხადებს, რომ სენატში განსახილველი მხარდამჭერი რეზოლუციის ფონზე, საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზების განთავსების იდეას რეალიზებისთვის ნაყოფიერი ნიადაგი აქვს, რადგან ამერიკას საქართველოსნაირი ერთგული პარტნიორები სჭირდება იმისთვის, რომ მსოფლიოში იყოს მიღწეული სტაბილურობა და მშვიდობა...
- ისეთ ფორმულებზე ფიქრი შეგვიძლია, რომელსაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერება შეეძლება, მაგრამ თუ ამ თვალსაზრისით რაიმე კონკრეტულ ნაბიჯს გადავდგამთ, ინტერესების თანხვედრისთვის შესაბამისი მოლაპარაკებები უნდა გვქონდეს ნაწარმოები. როცა ქვეყნის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, უნდა განვიხილოთ არა ის, თუ როგორ წარმოგვიდგენია ეს, არამედ რა შესაძლებლობები არსებობს და ჩვენი პარტნიორების გამოყენებით, ამ შესაძლებლობების გამოყენება როგორ ხდება. თუ კოლექტიურ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ და პარტნიორების გარანტია არ გაქვს, რომ ასეთი ფორმები უზრუნველყოფილი იყოს, მაშინ ასეთი გზავნილების გაჟღერება აზრს კარგავს და პარტნიორებს უხერხულობას უქმნის.