"კანონპროექტი „ფოსტის შესახებ“ სრულად ესადაგება ევროპის საუკეთესო პრაქტიკას და იმ მოთხოვნებს, რომელიც არეგულირებს ფოსტის საქმიანობას ევროკავშირში," - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა საფოსტო სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელშიც ასევე მონაწილეობდა ევროკავშირის ექსპერტი ალესანდრა ფრატინი.
ექსპერტის განცხადებით, კანონი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, როგორც ელექტრონული კომერციის რეგულაციის ნაწილი, რადგან ის დაარეგულირებს საფოსტო და ამანათების მომსახურებას.
„განვიხილეთ ფოსტის კანონის პროექტი, რომელიც მოამზადა ეკონომიკის სამინისტრომ მის მიერვე შემუშავებული ბოლო რამდენიმე პროექტის საფუძველზე. უნდა ვთქვა, რომ კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონთან“ - აღნიშნა ფრატინიმ.
მისივე თქმით, კანონის ძირითადი ნაწილი ეხება სერვისის მიმწოდებლის დანიშნულების დეტალებს, საფოსტო სექტორის მარეგულირებლის დაფინანსების რეგულირების საფასურის დადგენას და უნივერსალური მომსახურების არასამართლიანი ფინანსური ტვირთის დაფინანსების მექანიზმის ჩამოყალიბებას.
ექსპერტის შეფასებით, ეს არის ფინანსური მექანიზმი, რომელიც ეფუძნება სახელმწიფო ბიუჯეტს და თუ სახელმწიფო ბიუჯეტი არ არის საკმარისი არასამართლიანი ფინანსური ტვირთის დასაფარად, შეიქმნება და ამოქმედდება საკომპენსაციო ფონდი, რომელიც შეივსება იმ ოპერატორების მიერ, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურებას უნივერსალური სერვისების ფარგლებში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიღება ემსახურება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფოსტის სფეროში საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების და ძირითადი პრინციპების დადგენას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას, უნივერსალური საფოსტო მომსახურების ეფექტური და მდგრადი მიწოდების უზრუნველყოფას, მისი საყოველთაოობის, საიმედოობის, თანაბარი წვდომის, არადისკრიმინაციულობის და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, საფოსტო ქსელის მეშვეობით გაცვლილი მონაცემების და გზავნილის უსაფრთხოების და კონფიდენციალობის დაცვას, მეწარმეობის, კონკურენციის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვას, ბაზრის ლიბერალიზაციის ხელშეწყობას და ა.შ. კანონპროექტის მიღების მნიშვნელოვანი საფუძველი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულების ფარგლებში ფოსტის სფეროში კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანაა.
ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გურამ გურამიშვილთან, ალესანდრა ფრატინისთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე ყუბუსიძე და შპს „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.