განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ განათლების სამინისტრო პატივს სცემს გამომცემლობას, როგორც ბიზნესს და ყველაფერი კეთდება, რომ მათ შორის პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდეს.
„გამომცემლობებთან დაკავშირებით პირველ რიგში შეიცვლება განწყობა. რა თქმა უნდა, ადვილი არაფერია, მაგრამ ძალიან კეთილგანწყობილი შეხვედრა იყო და მე პირველ რიგში ეს შეხვედრა დავიწყე ჩემი განწყობის გაცნობით.
მიმაჩნია, რომ გამომცემლები, მათი ბიზნესი, არის საგანმანათლებლო სისტემის, ისევე როგორც მთელი ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სამინისტრო და გამომცემლები იქნებიან პარტნიორები და არ იქნებიან კინკლაობისა და მოლაპარაკების რეჟიმში.
ჩვენ პატივს ვცემთ მათ ბიზნესს, მათ ინტელექტუალურ საკუთრებას. ამ პროცესში სხვადასხვა დროს დაშვებული იყო შეცდომები ყველა მხრიდან და ჩვენ შევეცდებით ეს საკითხები მოვაგვაროთ, როგორც მეგობრებმა და პარტნიორებმა და საბოლოო ჯამში, ამით მოიგონ ახალგაზრდებმა", - განაცხადა ჯეჯელავამ.