„ხალხის ძალის” შიგნით ვმსჯელობთ და ვსაუბრობთ იმის თაობაზე, რომ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის შეფასება და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი," - ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან საპატიმროში დაბრუნების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
სეფაშვილის თქმით, დროა ეს თემა გახდეს განხილვის საგანი და სააკაშვილმა სასჯელის მოხდა ციხეში განაგრძოს.
„დღეს სოზარ სუბარმა ხმამაღლა განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით და ხალხის დაკვეთაც ეს არის, რადგან ამ ადამიანმა საკმაოდ სერიოზული დანაშაულები ჩაიდინა. სტრასბურგის სასამართლომ, განაჩენში, რომლითაც ადასტურებდა, რომ ქართულმა სასამართლომ ეს საქმე სწორად გამოიძია და არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, გამოიყენა ტერმინი - გამაოგნებელი. წარმოიდგინეთ, მათთვის იმდენად წარმოუდგენელი რაღაცები დაადგინეს და ისეთი აღშფოთებულები იყვნენ იქაური მოსამართლეები, რომ ეს დაწერეს.
სხვათა შორის, ჩვენ “ხალხის ძალის” შიგნით ვმსჯელობთ და ვსაუბრობთ იმის თაობაზე, რომ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის შეფასება და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი, რადგან მხოლოდ ბიუჯეტის გაფლანგვა ხომ არ იყო, ეს იყო მთელი სისტემა, რომელიც მიმართული იყო საზოგადოების რეკეტზე, განსხვავებული აზრის ჩახშობაზე კი არა, არამედ ფიზიკურ განადგურებაზე. ამ ყველაფერს სჭირდება რეაგირება და ვფიქრობ, დროა, ამაზე დავიწყოთ საუბარი და როგორც გითხარით, ჩვენს საზოგადოებრივ მოძრაობაში ამ თემაზე უკვე ვმსჯელობთ“, - განაცხადა სეფაშვილმა.