logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ფასილიტაციისთვის
- +

18 ნოემბერი. 2023. 19:38

 

 

მინდა მადლიერება გამოვხატო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის და დელეგაციის საქართველოში და მთლიანად რეგიონში ვიზიტის გამო. ეს იყო ძალიან დროული ვიზიტი სიტუაციის შესაფასებლად და სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობების შესასწავლად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ერევანში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანი იყო ეუთო-ს წარმომადგენლების მხრიდან რუსეთის ოკუპაციის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებების ნახვა და საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი.

 

მისივე თქმით, რეგიონში განგრძობადი მშვიდობის დამყარების მიზნით, საქართველო მზად არის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ფასილიტატორის როლი შეასრულოს.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეუთოს მხრიდან საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებების მონახულება, რომლებსაც რუსეთის ოკუპაციის გამო, არ აქვთ შესაძლებლობა თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ უკვე 15 წელზე მეტია, ზოგიერთ მათგანს კი - უკვე 30 წელია. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ფასილიტაციისთვის. მზად ვართ, შევთავაზოთ ჩვენი დახმარება, მზად ვართ, შევთავაზოთ მათ თბილისი, როგორც მოლაპარაკების ადგილი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ორივე მხარის მზადყოფნით, რომელიც გამოხატეს საჯაროდ და ოფიციალურად, ვიზეიმებთ გრძელვადიან მშვიდობას ჩვენს ორ ძმურ მეზობელ ერს შორის მომდევნო თვეების განმავლობაში. ასე რომ, ჩვენის მხრივ, საქართველო მზად არის ფასილიტაციისთვის", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner