საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრები 19:3 დაამარცხა და ზედიზედ მეხუთედ რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
ქართველმა მორაგბეებმა პირველივე ტაიმში მოიპოვეს უპირატესობა, შესვენებამდე ორი გარდასახული ლელოთი დაწინაურდნენ და ტაიმი 14:0 მოიგეს.
სათამაშო სურათი დიდად არც მეორე ტაიმში შეცვლილა, ქართველი ჭაბუკები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ლელოს დადებას ვერ ახერხებდნენ, პორტუგალიელებმა კი ერთი ჯარიმა გაიტანეს და სხვაობა შეამცირეს.
შეხვედრის დასკვნით მონაკვეთში პორტუგალიის ნაკრები თამაშის გადარჩენას შეეცადა, დიდი ძალებით შეუტია საქართველოს ნაკრებს, რითიც უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ კარგად ისარგებლეს, კიდევ ერთი ლელო დადეს და შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანაც აღარ გასჭირვებიათ.
პორტგალია-საქართველო 3:19
ლელო: ბურთიკაშვილი, დვალი, სპანდერაშვილი
გარდასახვა: სირბილაძე (2)