ავტორი ანა ფერაძე
პაატა ბურჭულაძის პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის" წევრები ტოვებენ. ამასთან დაკავშირებით ექსპერტი სოსო ცინცაძე „რეპორტიორს" ესაუბრა. ექსპერტის თქმით, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებები - თითქოს ახლა გაიგო, რომ „ნაციონალებს" და პაატა ბურჭულაძის პარტიას შორის კავშირია, სასაცილოა.
ცინცაძის თქმით „ნაციონალებმა" ხალხი ისე დააშინეს, რომ ყველას ჰგონია, რომ სხვა პარტიაში ყოფნით აუცილებლად დაისჯება, რაც ასე არ არის, დღეს ყველას აქვს საშუალება, გამოხატოს თავისი აზრი.
„ჩემთვის ყველა რელეგატის არგუმენტი საეჭვოა. პარტიის ყველა ყოფილ წევრს ახლა აეხილა თვალი?! დღეს საქართველოში ყველაფერი იყიდება.
ხათუნა ლაგაზიძე 6 თვეა, რაც პაატა ბურჭულაძის პარტიაშია და როცა არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა, ახლა მიხვდა, რომ ბურჭულაძე ცუდია? „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები ბურჭულაძემ ორი კვირის წინ მიიღო. ამის გარდა, მიღებას წინ უსწრებდა ერთთვიანი მოლაპარაკება. ასე რომ, ეს არგუმენტი, ხათუნა ლაგაზიძეს ვურჩევ, უფრო გულუბრყვილოებისთვის შემოინახოს.
ლაგაზიძეს არასდროს გაუპროტესტებია, რაზეც დღეს ლაპარაკობს, ბურჭულაძის და „ნაციონალების" ურთიერთსიმპათიებზე ზარმაცის გარდა, ყველა ლაპარაკობს თითქმის ერთი წელია და დღეს ლაგაზიძე რომ აცხადებს, თითქოს ამის შესახებ ახლა გაიგო, ეს სასაცილოდ მეჩვენება.
წინა არჩევნებთან შედარებით დღეს ბევრად თავისუფალი გარემოა. ხელისუფლება არ აპირებს, ოპოზიციურ პარტიებს, ვინმეს ბიზნესს პრობლემა შეუქმნას, მაგრამ ხალხი ისეა დაშინებული „ნაციონალური მოძრაობისგან", ჰგონიათ, რომ „ქართული ოცნებაც" იმავეს გააკეთებს და მათ დააშინებს. ეს ძალიან დიდი პრობლემაა.
ადამიანი მონობისგან თვითონ, შინაგანად უნდა გათავისუფლდეს. დღეს ხელისუფლება არავის არაფერს უშლის, ყველას შეუძლია თავისი აზრის გამოხატვა, რაც გინდა თქვი და რაც გინდა გააკეთე, მაგრამ ხალხი იმდენად დაშინებულია, რომ არ სჯერა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ" ხალხი ისე დააშინა, რომ სამი თაობა ვერ გათავისუფლდება იმ შიშისგან, რაც მათ საზოგადოებაში დანერგეს", - განაცხადა სოსო ცინცაძემ.