logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: გულწრფელად გამიხარდება, თუკი სალომე ზურაბიშვილი გვარამიას, მელიასა და ხაზარაძის უფროსი გახდება!
- +

19 ნოემბერი. 2023. 18:43

 

 

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა. საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემა „ლე მონდთან“ საუბარში ყოფილ პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ოლიგარქად მოიხსენია და იგი რუსულ კავშირებში“ დაადანაშაულა. ზურაბიშვილმა „ქართული ოცნებისდამფუძნებელი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში ნეგატიურ როლ შემსრულებლად მოიხსენია და თქვა, რომ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ივანიშვილის მიერ თავის დროზე გაკეთებული განცხადება, მისთვისაც არადამაჯერებელია. რას ემსახურებოდა პრეზიდენტის ღია დაპირისპირება ივანიშვილთან და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი მომავალ არჩევნეში, შესაძლოა, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერად მოგვევლინოს... „რეპორტიორის“ კითხვებს „ხალხის ძალის“ წარმომადენელი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი პასუხობს.

 

- ბატონო გურამ, სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის ღიად პირველად დაუპირისპირდა და ფრანგულ გამოცემა „ლე მონდთან“ საუბარში მას ოლიგარქი უწოდა. ზურაბიშვილმა ისიც დასძინა, ივანიშვილი საქართველოში ერთადერთი ოლიგარქიაო... ელოდით თუ არა პრეზიდენტისგან მსგავსი შინაარსის განცხადების გაკეთებას და, თქვენი აზრით, რატომ გადადგა მან ეს ნაბიჯი მაინცდამაინც ახლა, საარჩევნო წლის დადგომის წინ?

 

- ერთადერთი, რაც შეიძლება სალომე ზურაბიშვილს ამოძრავდებდეს, ეს მისი განულებული რეიტინგის მაღლა აწევა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში როგორმე საკუთარი პერსონის მოქცევაა. რეალურად მან ძალიან კარგად იცის, თუ რა როლი და ფუნქცია აქვს ბიძინა ივანიშვილს საქართველოში და ისიც მშვენივრად უწყის, რომ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას კარგად აქვს გაცნობიერებული ივანიშვილის ამ დადებითი როლის შესახებ. ქალბატონმა პრეზიდენტმა სწორედ ამიტომ აირჩია ასეთი პიროვნება დაუმსახურებელი, უსამართლო და ბინძური ცილისწამების სამიზნედ, რომ იცოდა, მხოლოდ ასე თუ მოექცევა იგი საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში. შეიძლება ითქვას, რომ მან მიზანს ნაწილობრივ მიაღწია კიდეც, თუმცა, ამ გასროლით მოპოვებული პოპულარობა ძალიან ხანმოკლე გამოუვიდა, რადგან მისი რეიტინგი არათუ არ იზრდება, დღითიდღე კლებულობს!

 

- არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის ლიდერად მოგვევლინება. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია მისი შანსი, გახდეს ოპოზიციური ფლანგის წამყვანი ფიგურა?

 

- მე პირადად მივესალმები, რომ ის ამ განულებული რეიტინგის მქონე ოპოზიციის ლიდერი გახდეს, ვინაიდან ოპოზიცია ამით კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავარდება და კიდევ უფრო მეტად გაშიშვლდება მათი მიზანი. გულწრფელად გამიხარდება, თუკი სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას, ნიკა მელიასა და მამუკა ხაზარაძის უფროსი გახდება! როგორ მოხდება ეს, ამას მე ვერ გეტყვით, რადგან ამას მათი უცხოელი პატრონები გადაწყვეტენ. ისე კი, არც ზურაბიშვილს და არც ოპოზიციას არავინ შეეკითხება, თუ როგორ და რა კონფიგურაციით მოუწევთ საარჩევნოდ გამოსვლა.

 

- ისევ „ლე მონდთან“ ინტერვიუს რომ დავუბრუნდეთ... პრეზიდენტს ჟურნალისტმა შეკითხვა მიხეილ სააკაშვილის შესახებაც დაუსვა და, შეიძლება ითქვას, რომ ზურაბიშვილმა პირდაპირი პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. როგორი მოლოდინი გაქვთ, ნიკა გვარამიას შეწყალების შემდეგ, წავა თუ არა მოქმედი პრეზიდენტი ვა-ბანკზე და შეიწყალებს თუ არა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსაც?

 

 

- ასეთია აგენტის ხვედრი, მას არავინ ეკითხება, რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს, რა უნდა თქვას და რა არა, ამას არა თავად, არამედ მისი უფროსები წყვეტენ! თავის დროზე ხომ თქვა ზურაბიშვილმა: „არა და არასოდესო!“ ახლა კი, ამას ვეღარ ამბობს, რადგან ასე უკარნახეს პატრონებმა. ამ ნაბიჯის გადადგმისგან ზურაბიშვილი ჯერჯერობით თავს იკავებს იმიტომ, რომ გვარამიასგან განსხვავებით, სააკაშვილს ბრალეულობა დადასტურებული აქვს და ამ ქვეყანაში ყველამ კარგად იცის, თუ როგორი დანაშაულებრივი ხელისუფლება და რეჟიმი ჰქონდა მას შექმნილი. ეს ყველაფერი საერთაშორისო სასამართლომაც აღიარა, ასე რომ, მისი შეწყალება მარტივი არ იქნება, მაგრამ თუკი ის ამ ნაბიჯს მაინც გადადგამს, მალე მოუწევს, „ვივამედში“ სააკაშვილს ჩაენაცვლოს.

 

- ბატონო გურამ, რამდენიმე დღეა, ჟურნალისტები პრეზიდენტს უსვამენ შეკითხვას, არის თუ არა ოლიგარქი დავით კეზერაშვილი, ზურაბიშვილი კი, ამ შეკთხვაზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს. რა ფენომეთან გვაქვს საქმე, თქვენი აზრით, რატომ არ შედის დაპირისპირებაში პრეზიდენტი ოპოზიციის მთავარ დამფინანსებელთან და რაზე მიგვანიშნებს ზურაბიშვილის ეს დუმილი?

 

- ეს ვიგულისხმე სწორედ, როცა ვთქვი, რომ რთული ხვედრი აქვთ უცხოური ძალების აგენტებს-მეთქი... მათ რეზოლუციაში ევროპარლამენტსაც კი ჩააწერინეს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი უნდა ყოფილიყო, დავით კეზერაშვილი კი - მედიამაგნატი. ეს მაშინ, როდესაც კეზერაშვილის ოლიგარქობა „ბიბისიმ“ და ბევრმა სხვა საგამოძიებო საშუალებამ დაადასტურა. კეზერაშილი რომ ოლიგაქია, ამას თავად ოპოზიციის წარმომადგენლებიც აღიარებენ, მაგალითად, ნიკა მელია. მეტიც, თავადაც კი არ მალავს, რომ ოპოზიციურ პარტიებს აფინანსებს. ამ დროს შენ, სალომე ზურაბიშვილი, ვერ ამბობ, რომ კეზერაშვილი, რომელსაც აღიარებული აქვს ოლიგარქობა, ოლიგარქია და ბიძინა ივანიშვილზე გაიძახი, რომ  ოლიგარქიაო, რომელზეც არანაირი თეორიული მტკიცებულებაც კი არ გაგაჩნია! ეს უკვე დაუფარავად ნიშნავს იმას, რომ ჩაეწერე ფოტიგებისა და კუბილიუსების სიაში და დადასტურებით ხარ უცხოური ძალების პირდაპირი აგენტი.

 

- და ბოლოს, თქვენი აზრით, ვისზე გააკეთებს წინასაარჩევნოდ კეზერაშვილი ფსონს და იქნება თუ არა კეზერაშვილის არჩევანი საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი?

 

- შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ვერც გახარია, ვერც მელია და, მითუმეტეს, ვერც გვარამია ზურაბიშვილის უფროსობას ვერ აიტანენ! თუმცა, ეს არც იქნება მათი გადასაწყვეტი... ჩემი აზრით, პრაქტიკულად გამორიცხულია ოპოზიციის გაერთიანება, მითუმეტეს ზურაბიშვილის ფრთის ქვეშ. მას არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნია და, თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ ოპოზიცია მას მხოლოდ მაშინ ეკეკლუცება, როცა ის რაღაცაში სჭირდებათ. სხვა შემთხვევებში კი, მას „სხვისი თამაშით მოთამაშედ“ მოიხსენიებენ. ასე რომ, სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციის ლიდერად ქცევის არანაირი შანსი არ გააჩნია!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner