logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ნამდვილად საინტერესო „მინისტრის საათი“ იყო წელს პარლამენტში
- +

19 ნოემბერი. 2023. 23:33

 

 

ნამდვილად საინტერესო „მინისტრის საათი“ იყო წელს პარლამენტში, - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. იუსტიციის მინისტრის თქმით, ოპოზიციის ნაწილმა ძალიან კონსტრუქციული კითხვები დასვა, მათ შორის ძალიან მწვავე, რაც მისაღებია დემოკრატიისთვის.

 

„სწორედ ამას ვითხოვთ, რომ რაც შეიძლება მწვავე კრიტიკა იყოს ერთმანეთის მიმართ, ოღონდ დაფუძნებული მტკიცებულებებზე და ეს ყველაფერი იყოს ობიექტური. თუმცა, ვერ ავუვლით გვერდს გარკვეული ოპოზიციონერების ქცევას. ვგულისხმობ რადიკალ ოპოზიციონერებს, რომლებსაც პირდაპირ რომ ვთქვათ, სათქმელი არაფერი აქვთ. ერთადერთი, რაზეც ისაუბრეს, იყო სააკაშვილი, ოღონდ ყველა ბრუნვაში. მათ ასევე დაიწყეს მუდმივი შეურაცხყოფის მიყენება, არა პირადად ჩემი მისამართით, არამედ ეს ყველაფერი მათივე ამომრჩეველზე არის მიმართული, იმიტომ რომ ეს ადამიანები არ არიან პარლამენტში იმისთვის, რომ მათი მხრიდან ისმოდეს მხოლოდ ქრონიკული ლანძღვა-გინება, არამედ იმისთვის, რომ დასვან კითხვები, მიიღონ მათზე პასუხები და იყვნენ ორიენტირებული საქმეზე.

 

ასევე, ნათლად ჩანს მათი ტაქტიკა. როდესაც მომხსენებელი საუბრობს, ეთერში მხოლოდ მომხსენებლის ხმა ისმის. არ ისმის ხმა დარბაზიდან. სწორედ ამ დროს, რამდენიმე ქალბატონი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, გადადის ქრონიკულ შეურაცხყოფაზე. ეს ხმა ისმის და საბოლოო ჯამში ეს იწვევს დარბაზში არეულობას, იმიტომ რომ არავის სიამოვნებს მათი გამუდმებული შეურაცხყოფის მოსმენა. რა თქმა უნდა, მერე მატულობს ემოციები,იწყება შეურაცხყოფის მიყენება, შესაძლებელია ორივე მხრიდანაც, იმიტომ რომ როდესაც გამუდმებით ადამიანი გლანძღავს, მას გაეცემა შესაბამისი პასუხი. საბოლოო ჯამში, გარკვეული მედია გადადის ამაზე და ჩანს, რომ მოხსენებამ ჩაიარა დაძაბულობის [ფონზე]“, - განაცხადა ბრეგაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner