„დღეს ჩვენ მკაფიოდ და ნათლად, ფაქტებით გამყარებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არ არსებობენ პოლიტპატიმრები“, - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. იუსტიციის მინისტრის თქმით, ოპოზიციის ნაწილს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმარს უწოდებს, არ აინტერესებს არც ადგილობრივი და არც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ამ საქმეზე.
„როდესაც წავიკითხე ერთ-ერთი ამონარიდი სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან [პარლამენტში], ქალბატონმა [თინა] ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ეს არის ტყუილი, ცდილობდა ხელი შეეშალა ნორმალური პროცესისთვის. თუმცა, ამ პროცესმა მაინც მშვიდობიანად ჩაიარა. მერე, როდესაც მისი მოხსენება იყო, მან კიდევ მოგვიწოდა: „მაჩვენეთ, სად წერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში“. ვთხოვე მანდატურის სამსახურს, სპეციალურად გავხაზეთ მარკერით და მივაწოდეთ ქალბატონ თინას. თუმცა, მან ამ ყველაფერს არც დახედა და როდესაც მე გავედი ისევ ტრიბუნასთან პასუხების გასაცემად, ვნახე, რომ ისევ იქ იდო [ფურცელი]. ანუ, მათ რეალურად არც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აინტერესებთ, არც სხვა. სამართალი მათთვის არის მხოლოდ ის, რასაც შეუთვლით ბელადი და რაც უნდა გააკეთონ“, - განაცხადა ბრეგაძემ.