“როგორ შეიძლება „ქართულ ოცნებას“ არ გახარებოდა ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია მაშინ, როდესაც ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ 12-ვე პუნქტი საფუძვლიანად შესრულებულიყო. იმუშავა ძალიან კარგად საპარლამენტო გუნდმა, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, მთლიანად პოლიტიკურმა პარტიამ, მთლიანად პოლიტიკურმა გუნდმა გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანისკენ გადადგმულიყო ძალიან დიდი და ქმედითი ნაბიჯი”, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
იგი საქართველოს ევროინტეგრაციის კურსზე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელთა ბრალდებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ განცხადებებზე პასუხი არის ერთი და მკაფიო.
„რაც შეეხება, მაგალითად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის იმ იარლიყის მიწებებას, თითქოს ის არის პრორუსული, ანტიევროპული და არაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე, პასუხი ძალიან მარტივია. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდა, რომ საქართველოს მიეღო მაგალითად, უვიზო რეჟიმი, გაფორმებულიყო სავაჭრო ხელშეკრულება ევროკავშირთან და ახლა, ბოლოს ჩვენ ყველამ ერთობლივად ვიხილეთ, როგორ წარმატებას მიაღწია ქვეყანამ, როდესაც ევროკომისიამ გაუწია ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა მინისტრმა.
რატი ბრეგაძის თქმით, გაუგებარია რადიკალური ოპოზიციის განცხადებები, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია არ გაუხარდა.
„სრულიად გაუგებარია მათი არგუმენტაცია, თუმცა გასაგებია იმ კუთხით, რომ აქ ჩვენ აღარ გვაქვს საქმე ჯანსაღ ლოგიკასთან. როგორ შეიძლება „ქართულ ოცნებას“ არ გახარებოდა მაშინ, როდესაც ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ 12-ვე პუნქტი შესრულებულიყო საფუძვლიანად. იმუშავა ძალიან კარგად საპარლამენტო გუნდმა, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, მთლიანად პოლიტიკურმა პარტიამ, მთლიანად პოლიტიკურმა გუნდმა გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანისკენ გადადგმულიყო ძალიან დიდი და ქმედითი ნაბიჯი. აქვე, ამ ადამიანებს ისიც უნდა შევახსენო, რომ სწორედ 2017 წელს შევიდა კონსტიტუციაში ცვლილება, რითაც ხელისუფლების ყველა შტოს ვალდებულებად განისაზღვრა, გააკეთონ ყველაფერი მათი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.