„თემურ ალასანიას განცხადება მიუღებელია, ადამიანებს ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტისკენ მოუწოდებს, რაც გამაოგნებელია“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
ეკა სეფაშვილი გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „სად გინახავთ წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება, დავიჭიროთ სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება. ეს არ მოხდება“.
ეკა სეფაშვილის თქმით, ასეთი განცხადებით „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერების რაოდენობა შეუმცირდება.
„თემურ ალასანიას განცხადება იმის შესახებ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება არა მარტო მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი, გამაოგნებელია. პირდაპირ საუბრობს ომზე და ადამიანებს ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტისკენ მოუწოდებს. ეს გამაოგნებელია, არ ვიცი, ამას რა სახელი დავარქვა. აბსოლუტურად მიუღებელია და, ვფიქრობ, ეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების რაოდენობას კიდევ უფრო შეამცირებს. დარწმუნებული ვარ, მათ მომხრეებს შორის არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად უნდათ საქართველოს გაერთიანება, უბრალოდ სხვა გზას ხედავენ ამაში და ომი მათთვისაც ზუსტად ისევე მიუღებელია, როგორც ჩვენთვის“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.