„ყველანი ვხვდებით, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ყელში აქვთ გაჩხერილი ჩვენს ზოგიერთ პარტნიორს, ეს მათთვის დიდი თავის ტკივილია,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.
ხუნდაძე ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, სადაც თემურ ალასანია ემიგრანტებს აფხაზეთის არამშვიდობიანი გზით დაბრუნებაზე ესაუბრება. ხუნდაძე მიმართავს ალასანიას, რომ მას მეორედ აღარ გამოუვა საქართველოში ძალაუფლების ხელში ჩაგდება.
„დემოკრატიის ცუდ მხარეს გვთავაზობს მიხეილ სააკაშვილის ბიძა ამერიკიდან. შეუძლებელია თემურ ალასანიამ არ იცოდეს, რომ რუსეთთან საქართველოს ომი საქართველოს სრული ანექსიაა რუსეთის მხრიდან. და იქნებ სწორედ ეს სურს? ომისკენ მოუწოდებს სააკაშვილის ბიძა ქართველ ემიგრანტებს უკრაინის ფონზე, სადაც მთელი მსოფლიო ხედავს, როგორ მიიტაცა რუსეთმა უკვე სამი ოლქი და როგორ დაყაბულდა ამას ფაქტობრივად დასავლეთი, რადგან არც ამერიკის სენატმა აღარ გამოუყო დახმარება ზელენსკის მთავრობას და ევროკავშირშიც ეს საკითხი უნგრეთმა ჩააგდო. გამოდის, რომ უკრაინა უნდა შეეგუოს ამ ბედს - დაკარგულ ტერიტორიებს და მხოლოდ ასე შეიძლება მიიღონ ევროკავშირშიც და ნატო-შიც.
ყველანი ვხვდებით, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ყელში აქვთ გაჩხერილი ჩვენს ზოგიერთ პარტნიორს, ეს მათთვის დიდი თავის ტკივილია. ამიტომ, უმჯობესია უკრაინის მსგავსად, საბოლოოდ აჩუქონ რუსეთს და ეს პრობლემა მარტივად მოაგვარონ. ომი რუსეთთან სწორედ ამისთვის უნდათ. როგორც ჩანს, ეს შედის რუსეთის და ასევე, კიდევ სხვების ინტერესებშიც.
მინდა მივმართო საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე სისხლიანი პრეზიდენტის გამზრდელს, თემურ ალასანიას: - საუბედუროდ, თქვენ ქართველი ხალხის მოტყუებით ერთხელ შეძელით ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გაანადგურეთ საქართველო. საბედნიეროდ, ისევ ქართველმა ხალხმა წაგართვათ ეს ძალაუფლება და გადასცა ღირსეულ გუნდს, რომლისთვისაც სამშობლო უპირატესია. სანამ საქართველოს მშვიდობიანი ისტორია წარმატებით იწერება, თქვენ ვეღარასდროს მოახერხებთ ისევ ტყუილებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, თქვენი სისხლიანი რეჟიმი წარსულს ჩაბარდა.
რაც შეეხება აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს, აუცილებლად დავიბრუნებთ მშვიდობით და არა ომით, სიყვარულით და არა სიძულვილით. დიახ, ესეც შესაძლებელია გონივრული პოლიტიკით და თუ როგორ, ამას მალე ნახავთ“, - წერს ხუნდაძე.