ამნისტიის მასშტაბური პროექტის მიზნებზე, რომელიც საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს ეხება, მთავრობის სხდომის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა:
„ჩვენი ხელისუფლება არის ორიენტირებული ადამიანის ღირსებასა და მისგან მომდინარე ყველა უფლებაზე და, შესაბამისად, საკუთრების უფლების სრული მასშტაბით უზრუნველსაყოფად, ასევე, უკანონო მშენებლობიდან მომდინარე რისკების ერთხელ და სამუდამოდ აღმოსაფხვრელად. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ შევიმუშავეთ ამნისტიის პროექტი, რაც წარედგინება საქართველოს პარლამენტს“, – განმარტა რატი ბრეგაძემ.
დღეისათვის სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას მიეთითება, რომ შენობა-ნაგებობა სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშეა. შესაბამისად, საკუთრების უფლება მათზე ხარვეზიანია; მფლობელები კი, საკუთრების დემონტაჟისა და დაჯარიმების საფრთხის წინაშე დგანან.
ამნისტია მილიონზე მეტი მოქალაქის ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს შეეხება, რომლებიც ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2024 წლის 1-ელ იანვრამდე იქნება აშენებული და არ გავრცელდება სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აშენებულ ინდივიდუალურ სახლებზე. მათი მფლობელები ლეგალიზების კომპლექსური პროცედურის გავლის გარეშე დაარეგისტრირებენ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს საჯარო რეესტრში და შეძლებენ საკუთრების უფლების სრულად რეალიზებას.
ამნისტიის კანონი არ იმოქმედებს 2024 წლის 1-ელი იანვრიდან აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე. მათი რეგისტრაციისათვის კვლავ საჭირო იქნება კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის არსებობა.