პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია მთავრობის სხდომაზე სამშენებლო ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამნისტიის პროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, მფლობელებს არ დასჭირდებათ ლეგალიზაციის პროცედურის გავლა.
„აქ საუბარი არის ინდივიდუალურ სახლებზე და არა კორპუსებზე და ინდივიდუალური პირების საკუთრებაში არსებულ ქონება-ნაგებობებზე. ეს საშუალებას მისცემს მათ, რომ თავი აარიდონ ძალიან კომპლექსურ პროცედურას, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის აღებასთან და ლეგალიზებასთან“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ამნისტიის პროექტი 2024 წლის პირველ იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გავრცელდება. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ამნისტიის პროექტზე იუსტიციის სამინისტრო იმუშავებს.
ამნისტიის პროექტი განსახილველად პარლამენტს უახლოეს პერიოდში გადაეცემა.