სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფინალურ შეხვედრას მასპინძლობს.
პროექტში ჩართულმა 20 ქვეყნის წარმომადგენელმა სამწლიანი პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაჯამეს და ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მოსავლის გაუმჯობესების საკითხების მიმართულებით სამომავლო გეგმებსა და პოტენციური პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს.
შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილმა და ატომური ენერგიის საერთაშირისო სააგენტოს პროექტის კოორდინატორმა, ფატმა სარსუმ გახსნეს.
„მოხარული ვარ, რომ საქართველო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მასპინძლობს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, წარმოვადგენდეთ აღნიშნული პროექტის წევრ ქვეყანას, ვინაიდან, პროექტი ხელს უწყობს როგორც კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე სირთულეების დაძლევას, ასევე მონაწილე ქვეყნებს შორის კავშირების გამყარებას“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.
საერთაშორისო პროექტში, რომელიც მოიცავდა როგორც სამეცნიერო კვლევებს, ასევე თეორიული გადამზადების კურსებს, ჩართული იყო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია წილკანში სადემონსტრაციო ბაზის მონახულება, სადაც დელეგაცია ბაზაზე მიმდინარე სამუშაოებს, ჩატარებულ კვლევებსა და შედეგებს გაეცნობა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი RER5024 „ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ძირითადი საკვები კულტურების პროდუქტიულობის და მდგრადობის გაზრდა კლიმატის ცვლილების მიმართ“ 2020 წლიდან მიმდინარეობდა, ხოლო ფინალური შეხვედრები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ორგანიზებით საქართველოში 20-24 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.