საუდის არაბეთში, მუსლიმთა წმინდა ქალაქ მექაში ათასობით პილიგრიმია შეკრებილი. ქალაქ მექაში ჰაჯი - ანუ მუსლიმთა ტრადიციული დღესასწაული დაიწყო.
„BBC"-ის ცნობით, მექაში 1,5 მილიონზე მეტ ადამიანს ელოდებიან.
თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილმა მომლოცველებმა ხუთი დღის განმავლობაში მექაში მდებარე წმინდა ადგილს - ქააბას შვიდჯერ უნდა შემოუარონ.
„BBC"-ს ცნობით, ქალაქ მექაში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული, მექაში მდებარე მასჯიდ ალ-ჰარამის მეჩეთიდან ორი კილომეტრის რადიუსში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა, ხოლო მომლოცველებისთვის გამშვები პუნქტები გაიხსნა.
გასულ წელს, მექადან რამდენიმე კილომეტრში მდებარე მინას ხეობაში, მომლოცველობის დროს ჭყლეტა მოხდა, რასაც 2 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის იყვნენ ირანის მოქალაქეები, რის გამოც წელს ირანმა საკუთარ მოქალაქეებს მექაში ჰაჯზე ჩასვლა აუკრძალა.