logo_geo
eng_logo
„საფუძველი ჩაეყრება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე და მაღალეფექტურ მეთოდებს“
- +

11 სექტემბერი. 2016. 12:24


 

პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ჯანდაცვის სისტემის განვითარების მიმართულებით შესასრულებელ რეფორმებს მოიცავს. პროგრამის მიხედვით შენარჩუნდება არსებული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება მომავალშიც ყველა პაციენტს ექნება და საფუძველი ჩაეყრება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე და მაღალეფექტურ მეთოდებს.

 

„ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება „ქართული ოცნების" ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად:

 

- შენარჩუნდება არსებული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა. საქართველოს ყველა მოქალაქე კვლავაც იქნება დაცული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯებისაგან. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, განიხილება საჯარო და კერძო თანამშრომლების მოდელები და შემუშავდება მექანიზმები, რათა ადამიანებმა, რომლებსაც მაღალი შემოსავალი აქვთ, მეტი წვლილი შეიტანონ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში. გაუმჯობესდება საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა მოწყვლადი ჯგუფებისთვის და პენსიონერებისთვის;

 

- განხორციელდება პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მომდევნო ეტაპი. გაიზრდება პირველადი ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მოცულობა და ოჯახის ექიმის როლი და მნიშვნელობა, რის საფუძველზეც დაიზოგება როგორც სახელმწიფოს, ისე მოსახლეობის მიერ გაწეული დანახარჯები, პაციენტებს მიეცემათ საშუალება დაავადების ადრეულ ეტაპზევე დაიწყონ მკურნალობა და თავიდან აიცილონ გართულებები;

 

- დაიხვეწება პირველადი ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მუშაობა. დაავადებათა პროფილაქტიკა (პრევენცია) ჯანდაცვის პოლიტიკისთვის იქნება პრიორიტეტული. დაავადებაზე რეაგირების რეჟიმიდან აქცენტი გადატანილი იქნება როგორც დაავადების წარმოქმნის პრევენციაზე, ისე დაავადების დროულად აღმოჩენასა და მისი გართულების თავიდან აცილებაზე;

 

- გაიზრდება ჯანდაცვის სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინანსება: C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება მომავალშიც ექნება ყველა პაციენტს; გაგრძელდება საქართველოს სოლიდარობის ფონდის ფუნქციონირება; ინდივიდუალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა გააგრძელებს ფუნქციონირებას და მოიცავს განსაკუთრებული სამედიცინო საჭიროებების მქონე ყველა პირს; გაუმჯობესდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის მოცულობა და ხარისხი როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ და თემზე დაფუძნებული სერვისების დონეზე; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას - ქვეყნის მასშტაბით დაინერგება დედათა და ბავშვთა (პერიტანული) სამედიცინო ცენტრების რეგიონალიზაციის გეგმა; გაგრძელდება აცრების ეროვნული კალენდარით ბავშვთა იმუნიზაციის პროგრამა და 2014 წლიდან მოქმედი პროგრამა, რომელიც ორსულებსა და ახალშობილებს უზრუნველყოფს ჯანსაღი განვითარებისთვის აუცილებელი პრეპარატების მიწოდებით; საფუძველი ჩაეყრება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე და მაღალეფექტურ მეთოდებს, როგორიცაა ადრონული თერაპია და ღეროვანი უჯრედების გადანერგვა;

 

- ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება დაეფუძნება შემდეგ პრინციპებს: დაიხვეწება არსებული სტანდარტიზებული საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პაკეტი; შემავსებელი და დამატებითი მომსახურების გაწევის უფლება დარჩება კერძო სადაზღვევო კომპანიებს; ბაზისური სარგებლობის კალათა განსაზღვრული იქნება დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების და გლობალური ბიუჯეტების მეთოდით, რაც უზრუნველყოფს ამ პროგრამის ხარჯების უფრო ეფექტიან და პროგნოზირებად გაწევას;

 

- მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის დაბალ მაჩვენებელზე ზემოქმედება მოხდება ერთიანი სისტემური რეფორმის სახით, რომელიც, ერთი მხრივ, მოიცავს სტრატეგიული მედიკამენტების სახელმწიფო კონსოლიდირებულ შესყიდვას, ხოლო, მეორე მხრივ, წამლის ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვას და ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობას;

 

- ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების ხარისხი უზრუნველყოფილი იქნება ადეკვატური სახელმწიფო მონიტორინგის განხორციელების მეშვეობით, ასევე საკანონმდებლო ბაზის დახვეწის საფუძველზე;

 

- ქვეყნის მასშტაბით დაინერგება ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებას;

 

- გამოწვევების შესაბამისი გახდება სალიცენზიო და სანებართვო პირობები;

 

- ჯანდაცვის ხარისხი უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო განათლების სისტემური რეფორმით, რაც უზრუნველყოფს მაღალი კომპეტენციის მქონე სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი განათლების სისტემა. შედეგად, საგრძნობლად შემცირდება გართულებების რაოდენობა და სიმწვავე, რაც, ერთი მხრივ, გააუმჯობესებს პაციენტებისთვის წარმატებული პრევენციული და სამკუნალო პროცესების შედეგებს, ხოლო, მეორე მხრივ, შეამცირებს სამედიცინო დაწესებულებების დანახარჯებს, კლინიკებს მიეცემათ საშუალება, საგრძნობლად გაზარდონ პერსონალის სახელფასო ანაზღაურება და მეტი თანხა მიმართონ განვითარებისკენ", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner