logo_geo
eng_logo
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებს მისცემს უფლებას, საუდის არაბეთს უჩივლონ
- +

11 სექტემბერი. 2016. 12:58



CNN-ის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მსხვერპლთა ნათესავებს მისცემს უფლებას საუდის არაბეთის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანონ. აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ის სენატმა ჯერ კიდევ მაისში დაამტკიცა.


წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრა 11 სექტემბრის ტრაგედიიდან მე-15 წლისთავამდე ორი დღით ადრე გაიმართა.



ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცება აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობებს გაართულებს.



როგორც მაისში თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა,  რთული წარმოსადგენია, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა აღნიშნულ კანონს ხელს მოაწერს.



კანონპროექტის სახელწოდებაა „ტერორიზმის სპონსრების წინააღმდეგ მართლმსაჯულების" აქტი. იმის მიუხედავად, რომ დოკუმენტში არ არის დასახელებული რომელიმე კონკრეტული ქვეყანა, რომელიც შესაძლოა, პოტენციური მოპასუხე გახდეს,  ერ-რიადმა განაცხადა, რომ კანონის დამტკიცების შემთხვევაში შესაძლოა, აშშ-ის ეკონომიკაში მრავალმილიარდიან ინვესტიციებზე უარი განაცხადოს.



საუდის არაბეთის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს რამე სახის კავშირს აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებულ ტერაქტებთან. თავდასხმებთან ერ-რიადის შესაძლო კავშირის შესახებ თეორია იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ავიალაინერების გამტაცებელი 19 ტერორისტიდან 15 საუდის არაბეთის მოქალაქე იყო.



მსხვერპლთა ნათესავები ცდილობდნენ საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის, ასევე იმ ბანკებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას, რომლებიც ისლამისტების დაფინანსებაში არიან ეჭვმიტანილი. თუმცა აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობა სხვა ქვეყნებს ამერიკული სასმართლოების დევნისგან იმუნიტეტით უზრუნველყოფს. წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი კი ითვალისწინებს, რომ ხელშეუხებლობით ვეღარ ისარგებლებენ ის ქვეყნები, რომლებიც აშშ-ში განხორციელებულ ტერაქტებზე არიან პასუხისმგებელი.



2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების სერიას აშშ-ში 3 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტების ორგანიზატორად ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდა" დასახელდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner