ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა, რომ უკრაინისათვის ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად საჭირო იარაღის მიწოდება ფერხდება და არ აღწევს საჭირო დონეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
"ეს არ არის საუკეთესო საწყისი წერტილი რთული ზამთრის გადასატანად და მტრის წინააღმდეგ წარმატების მისაღწევად, რომელმაც გამოიყენა დრო, გამოიტანა დასკვნები, გაზარდა სამხედრო წარმოება, გააძლიერა სამხედრო წარმოების გეგმები და დღეს შეუძლია უკრაინაში იმდენი ან მეტი აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდება, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ [უკრაინას] დასავლეთიდან", - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
ჩეხეთის ლიდერის თქმით, უკრაინის კონტრშეტევა ისე არ ვითარდება, როგორც მოსალოდნელი იყო.
პეტრ პაველმა აღნიშნა, რომ კონტრშეტევის მომზადებაში დახარჯულმა დრომ რუსებს საშუალება მისცა ძალიან კარგად მომზადებულიყვნენ შეტევისთვის.
"ეს გამოიწვევს მზარდ ზეწოლას კონფლიქტის დასრულებაზე რაიმე სახის შეთანხმებით. შეთანხმება, თუ მიღწეული იქნება, რა თქმა უნდა, დაფუძნებული იქნება ბრძოლის ველზე არსებულ რეალურ ვითარებაზე", - დასძინა მან.